ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ახალი ამბები

5 თებერვალს, ვაკის მედაითეკაში გაფორმდა მემორანდუმი თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.

მემორანდუმს ხელს მოაწერეს თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ, თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ.

მემორანდუმი თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის შემდგომ თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. აჟამად, დაგეგმილია ორი პროექტი, რომლებიც 1 მარტიდან აიღებს სტარტს:

  • ვაკის მედიათეკის ვერანდაზე მოეწყობა „სამეცნიერო კაფე“, რომლის ფარგლებშიც, კვირაში ერთხელ, სტუდენტებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ილიას უნივერსიტეტის პროფესორები სხვადასხვა დარგობრივ ლექციებს ჩაატარებენ. ლექციების კურსზე დასწრება თავისუფალი იქნება, სტუმრებს ვერანდის მყუდრო გარემო და ცხელი სასმელი დახვდება.

  • ვარკეთილის მედიათეკაში გაიხსნება საკვირაო სკოლა აბიტურიენტებისთვის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ჩაატარებენ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს ორ საგანში. გაკვეთილებზე დასწრება აბიტურიენტებისთვის თავისუფალი იქნება.

აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა უახლოეს მომავალში დაიდება თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდებზე.

ბანერები