


თბილისის დებატების სკოლის ღია კარის დღე
ახალი ამბები
27 სექტემბერს დებატების სკოლის კონკურსის მონაწილეთათვის გაიმართა თბილისის დებატების სკოლის ღია კარის დღე.
საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს. მოსწავლეებმა, რომელთაც სურთ, დაეუფლონ დებატების ტექნიკას და გახდნენ დებატების სკოლის წევრები, უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა ორგანიზაციის (GIDE) Facebook-ის გვერდზე https://www.facebook.com/DebatesGeorgia
თბილისის დებატების სკოლაში 5 ოქტომბრამდე გრძელდება მიღება 14-17 წლის მოზარდებისათვის, რომლებსაც ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ჩაერთონ პროექტის ყველა აქტივობასა, კონკურსსა თუ ტურნირში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
დებატების სკოლა ოქტომბრიდან დაიწყებს აქტიურ მუშაობას და მისი პირველი კურსი გაგრძელდება 8 თვის განმავლობაში. ყოველ კვირას ჩატარდება ორსაათიანი მეცადინეობები, რომლებზეც მოსწავლეებს ფორმალური დებატების ტექნიკას ასწავლიან და სახალისო აქტივობებით ისეთ უნარებს განუვითარებენ, რომლებიც მათ აკადემიურ სწავლებაში შეუწყობს ხელს.
პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებასა და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორებიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვ.
2021 წელი
გალერეა