


თანამშრომლობის მემორანდუმი საქპატენტთან
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქპატენტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.
დოკუმენტს ხელი მოაწერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ და საქპატენტის თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ. მემორანდუმი მოიცავს მხარეთა შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრს.
თანამშრომლობა მიმართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისა და განვითარებისაკენ. მემორანდუმის თანახმად, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ მიზნობრივ პროექტებს.
საქპატენტი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტების წვდომას საქპატენტის ბაზებში არსებულ საპატენტო ინფორმაციასთან, უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი გამოგონებების, ტექნიკის დონის და სიახლის განსაზღვრას და ა. შ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საქპატენტის მიერ ორგანიზებულ სემინარებსა და კონფერენციებში უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტების მონაწილეობას. ასევე, უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირება გაიარონ საქპატენტში.
თანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებულია სხვა ერთობლივი ღონისძიებებიც.