


თანამშრომლობის მემორანდუმი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ რეფერალურ ლაბორატორიასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის დირექტორმა ანა ჟვანიამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ.
მხარეებმა ისაუბრეს იმ მიზნებზე, რომლებიც აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდება. მემორანდუმი მიზნად ისახავს ბიოუსაფრთხოებისა და ბიოლოგიურ კვლევებში სანდო სამეცნიერო პარტნიორობის განვითარებას, რომელიც გულისხმობს მხარეების მიერ ბიოუსაფრთხოების და ბიოლოგიურ სფეროში კვლევითი წინადადებებისა და სასწავლო პროგრამების მომზადებასა და განვითარებას, ბიოლოგიური კვლევებისა და განათლების განვითარების კოორდინირებასა და ინტელექტუალური, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების მობილიზების გზით დონორებთან წარსადგენ საერთო პროექტებზე მუშაობას, ასევე საქართველოსა და რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნას. ქალბატონმა ანამ ასევე ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდა მკვლევარ სტუდენტებზე, რომელთაც აღნიშნული პარტნიორობა უფრო მეტ სტიმულს შემატებს და დაეხმარება მიზნების განხორციელებაში.
მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეადგენენ წლის სამოქმედო გეგმას, მისი განხორციელების გრაფიკს და დანიშნავენ პასუხისმგებელ პირს. შეარჩევენ მუდმივ კადრებს საერთო სამეცნიერო აქტივობებისათვის, ასევე გამოიყენებენ ინტელექტუალურ რესურსებს/აკადემიურ პერსონალს სასწავლო პროგრამების განსავითარებლად, სატრენინგო მასალების მოსამზადებლად, აკადემიური მიმოხილვისთვის, ინსტიტუციური ზედამხედველობისა და სხვა აქტივობების შესამუშავებლად.