


თანამშრომლობა საფრანგეთის ”პირველთა კლუბთან”
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და “ფრანგულ ნომერ პირველთა კლუბს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კლუბის პრეზიდენტმა, საფრანგეთის ბანკის მონეტარული პოლიტიკის საბჭოს ყოფილმა წევრმა ჟან-პიერ ჟერარიმ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ.
ორგანიზაციამ, რომელიც ოთხმოცდაათიან წლებში შეიქმნა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე 130-ზე მეტი პროექტი განახორციელა. ამჟამად კლუბში 100–მდე ფრანგული ბიზნესკომპანიაა გაერთიანებული, რომელთა ჯამური წლიური ბრუნვა 110 მილიარდ ევროს შეადგენს. მემორანდუმის თანახმად, კლუბი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მხარდაჭერას გაუწევს საფრანგეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან კვლევითი ურთიერთობის დამყარებაში; ასევე საჭირო რესურსების მოძიებაში უნივერსიტეტში ვეტერინარული განათლების მიმართულების დაფუძნებისათვის.
დელეგაციის წევრები იყვნენ ასევე კლუბის გენერალური მდივანი, საფრანგეთის ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ყოფილი წევრი ჟაკ ორანი, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის საბჭოს წევრი მარტინა ფუმეი და მორის გუერგუისოვი, კლუბის კოორდინატორი.