


"თანამედროვე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა"
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში გამართა პრეზენტაცია თემაზე: „თანამედროვე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა“.
პრეზენტაციაზე ბიბლიოთეკის თანამშრომლების მიერ განხილულ საკითხთა შორის იყო ილიაუნის ბიბლიოთეკაში არსებული რესურსები, სამეცნიერო ელექტრონული ბაზები; მომხმარებელთა სტატისტიკური მაჩვენებლები; ელექტრონული ბიბლიოთეკის შემადგენელი ტექსტური, ფოტო, ვიდეო და აუდიოსაცავი. პრეზენტაციაზე ასევე ნახსენები იქნა ის ახალი სერვისები, რომლებსაც ბიბლიოთეკა ნერგავს და ახლო მომავალში შესთავაზებს საზოგადოებას, ესენია: ელექტრონულ კატალოგში ძიების ერთი ფანჯრის პრინციპი და ღია ელექტრონული რესურსების პოპულარიზაციის მიზნით ე.წ. ელექტრონული წამკითხველებით სარგებლობის სერვისი.
პრეზენტაციის პარალელურად გაიმართა რარიტეტული და უნიკალური წიგნების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო XVI-XIX საუკუნეების ჩათვლით გამოცემული სხვადასხვაენოვანი ბეჭდური გამოცემები და ორი ხელნაწერი.