ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

თამაშით გამყარებული ცოდნა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში “თავისუფალი მეცნიერებების” საბაკალავრო პროგრამას ორგანიზაცია „ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივა“   აშშ-ს მიჩიგანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროგრამა გამოირჩევა არა მარტო კურსების მრავალფეროვნებით, არამედ სწავლების მეთოდოლოგიითაც. ლიბერალური განათლების კონცეფციაზე დაფუძნებული სწავლებისას მეთოდოლოგიაში წამყვანი ადგილი უჭირავს სწავლებას დისკუსიის გზით.

თავისუფალი მეცნიერებების პროგრამა საინტერესო კლასგარეშე აქტივობებითაც გამოირჩევა. ამ კლასგარეშე აქტივობებს შორის ერთ-ერთია პროფესორ მანანა ანასაშვილის მიერ უკვე არაერთხელ ჩატარებული ინტელექტუალური თამაში,  რომელიც  ცნობილ თამაშს „რა სად როდის“ წააგავს, მაგრამ მისი მთავარი  არსია გამოავლინოს სტუდენტებს შორის  ისინი, რომელთაც ყველაზე კარგად აითვისეს  ამ პროფესორის ამა თუ იმ კურსში გავლილი მასალა და ამ მასალისა და მასთან დაკავშირებული ცოდნის კრიტიკულად, ანალიტიკურად გააზრება შესძლეს თამაშის დროს,  ფორსმაჟორულ სიტუაციაში შემოთავაზებული  დავალებების შესრულებისას თუ შეკითხვებზე პასუხების გაცემისას.

ამჯერად იმ სტუდენტებმა ითამაშეს, ვინც 2013 წ. გაზაფხულის  სემესტრში პროფ. მანანა ანასაშვილის ხელმძღვანელობით  გაიარეს კურსი „მოდერნისა და პოსტმოდერნის ლიტერატურული ნიმუშები“.  თამაშში ორი გუნდი „ბრუტუსი“ (კაპიტანი გ. ნინიკაშვილი, მე-2 კურსი)  და „მამლაყინწები“ (კაპიტანი დ. ხაბეიშვილი, მე-2 კურსი) ეპაექრებოდა ერთმანეთს, ხოლო მესამე გუნდმა ე.წ „ვეტერანთა“ გუნდმა, რომელიც იგივე სასწავლო კურსის 2012 წლის გაზაფხულის სემეტრის სტუდენტებისგან  შედგებოდა ქ-ნ მანანასთან ერთად  დამატებითი შეკითხვები მოუმზადეს თამაშის მონაწილეებს.  ვეტერანთა გუნდი  მოწინააღმდეგე გუნდებს პასუხის ვერ გამოცნობის შემთხვევაშიც ეხმარებოდა. თამაში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა რადგან იგი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. საბოლოო შეკითხვა გადამწყვეტი აღმოჩნდა და მინიმალური, 0,5 ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა გუნდმა „ბრუტუსი“.  

ბანერები