ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სპექტაკლ „ინსტინქტის“ პრემიერა

14 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში გაიმართა სპექტაკლ „ინსტინქტის“ განახლებული დადგმის პრემიერა (რეჟისორი - ოთარ ეგაძე).

სპექტაკლი „ინსტინქტი“ დადგმულია თანამედროვე ფრანგი ავტორების ჟან-ჟაკ ბრიკერისა და მორის ლასეგის კომედიის „მოლანდება, ანუ მამრობითი სქესი, მხოლობითი რიცხვი“ მიხედვით (Jean-Jacques Bricaire, Maurice Lasaygues “La Berlue ou le masculine singulier”), რომელიც 1984 წელს დაიწერა საფრანგეთის ტელევიზიის პირველი არხის პროექტისათვის „თეატრში დღეს საღამოს“. ამ პროექტის მეშვეობით 416 ტელესპექტაკლის დადგმა განხორციელდა. სპექტაკლი მალევე იქცა ჰიტად და პარიზის მარინის თეატრის მცირე სცენაზე გადავიდა. მას შემდეგ აფიშიდან პრაქტიკულად არ ჩამოსულა. მას დღესაც დიდი წარმატებით თამაშობენ.

„ინსტინქტის“ სიუჟეტი მარტივი და ამასთანავე, „ძალიან ფრანგულად“ ჩახლართულია. ახალგაზრდა ლუი მამასთან ერთად მარტო ცხოვრობს; დედა არ ახსოვს, იგი დედის მეგობარმა მატილდამ გაზარდა. უცნაური სტუმრის ჩამოსვლა და შოკისმომგვრელი აღსარებები მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. ტყუილი და მართალი, გასაგები და გაუგებარი ერთმანეთში აირევა, გამოსავალი კი, როგორც ფრანგულ კომედიას სჩვევია, მოულოდნელობებით სავსე და ყოვლად დაუჯერებელია.

სპექტაკლის დადგმა განხორციელდა ქ. თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით.

”ინსტინქტის” ხილვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის მაყურებელს 23, 30 ოქტომბერს შეუძლია, ამასთანავე სპექტაკლი ილიაუნის თეატრის რეპერტუარში მთელი სეზონის განმავლობაში დარჩება.

ბანერები