


სოციალური მეცნიერებების განვითარების პროგრამა
27 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გებერტ რიუფის ფონდის დირექტორისა და საბჭოს წევრების, ასევე შვეიცარიის უნივერსიტეტის პროფესორების შეხვედრა გაიმართა.
ფონდი აფინანსებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომლის მიზანია სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარება საქართველოში. ASCN არის რიუფის ფონდის კვლევების მხარდამჭერი პროგრამა, რომლის მიზანია რეგიონის ტრანსფორმაციის პროცესში წვლილის შეტანა სოციალური მეცნიერებების აკადემიური კვლევების მხარდაჭერითა და ახალი თაობის მკვლევრების წახალისებით.
ASCN-ის პროგრამა ახალგაზრდა მკვლევრებს საშუალებას აძლევს, უხელმძღვანელონ კვლევით პროექტებს. უმეტესად ფინანსური მიზეზების გამო, სამხრეთ კავკასიის მკვლევრებს არ აქვთ კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა. ASCN-ის პროგრამა კი შეეცდება, მოხსნას ეს პრობლემა და გაააქტიუროს ახალგაზრდა, ნიჭიერი მკვლევრები, რათა მათ ევროპული სტანდარტების კვლევითი პროექტები განახორციელონ და მომავალში აკადემიური სამყაროს სრულფასოვანი წევრები გახდნენ.
პროგრამა დაეხმარება ტრანსფორმაციის პროცესთან დაკავშირებულ სოციალური მეცნიერებების მაღალი ხარისხის კვლევით პროექტებს. პროექტების შერჩევა მოხდება აპლიკაციების თემატური განხილვით. საბოლოო გადაწყვეტილებას შერჩეული პროექტების შესახებ მიიღებს საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო.