


სკოლის დაფინანსება, პრობლემების ანალიზი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში შესრულებული მონოგრაფიის „სკოლის დაფინანსება:პრობლემების ანალიზი და მათი გადაჭრის გზები“ პრეზენტაცია. მონოგრაფიის ავტორები არიან ასოცირებული პროფესორი შორენა მაღლაკელიძე, ზურაბ გიორგობიანი და ბერიკა შუკაკიძე. აღნიშნულ პროექტს წინ უძღოდა 2006 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისგან მიღებული პირველი გრანტი, პროექტის სახელწოდება იყო „ სკოლების მართვა,პრობლემების ანალიზი და მათი გადაჭრის გზები", ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრა საქართველოს რეგიონების თითქმის ყველა სკოლის დირექტორთან, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სკოლის ხელმძღვანელები ძალიან დაინტერესებულნი იყვნენ აღნიშნული პროექტით. ამ პროექტმა განაპირობა შემდგომში ახალი პროექტის განხორციელება, რომელიც შეეხება სკოლის დაფინანსებას,პრობლემების ანალიზსა და მათ გადაჭრის ხერხებს.
პრეზენტაციას უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი შორენა მაღლაკელიძე.მონოგრაფიაში წარმოდგენილია კონკრეტული მნიშვნელოვანი საკითხები,რომლებიც დაყოფილია ორ ნაწილად, ეს არის თეორიული საკითხები სკოლის დაფინანსებასთან დაკავშირებით (ამ ნაწილში მიმოხილულია ცნობილი უცხოელი მეცნიერების და მკვლევრების შეხედულებები სკოლის დაფინანსებასთან დაკავშირებით) და კონკრეტულად პრაქტიკული მაგალითები. მოყვანილია ოთხი მაგალითი, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში სკოლების დაფინანსების სისტემა. აღნიშნულ სისტემას მონოგრაფიის ავტორები პირადად გაეცნენ, როდესაც ისინი პროექტის ფარგლებში პირადად იმყოფებოდნენ აშშ-ში. მოყვანილია ასევე პოლონეთის და სხვა ევროპული ქვეყნების მაგალითები. მონოგრაფიიდან ჩანს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში განათლების სისტემის დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა ძალიან მცირეა.