ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სისხლის უანგარო დონაციის დღე უკრაინისთვის

ახალი ამბები

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი, ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტთან თანამშრომლობით 3 მარტს, ხუთშაბათს, 13:00-დან 17:00 საათამდე უნიმარკეტის პარალელურად - A კორპუსის სივრცეში გეგმავს უანგარო დონაციის დღეს უკრაინის მხარდასაჭერად.

აქციის ფარგლებში სისხლის ბანკის პროფესიონალი, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდი მსურველებს შესთავაზებს, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატოთ თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ.

დონაციის შედეგად მიღებული სისხლი შეინახება ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკში და მოთხოვნის შესაბამისად გადაეცემა უკრაინას.

სისხლის დონორი შეიძლება გახდეთ ნებისმიერი ადამიანი 18-დან 65 წლამდე, თუ:

  • კორონავირუსის გადატანიდან გასულია 2 კვირაზე მეტი
  • კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან გასულია 2 კვირაზე მეტი
  • თქვენი წონა – 50-კგ და მეტია;
  • არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C;
  • სიფილისი, ტუბერკულოზი;
  • არ ხართ ინფიცირებული აივ ინფექციით;
  • არ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;
  • არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი
  • არ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია, არ გაგიკეთებიათ ტეტანუსისა და ცოფის საწინააღმდეგო აცრა ბოლო 1 წლის განმავლობაში;
  • არ გაგიკეთებიათ ტატუ ბოლო 6 თვის განმავლობაში;
  • არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;
  • ბოლო 6 თვის მანძილზე არ ყოფილხართ ორსულად;
  • დონაციის დღეს დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი – არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო, კატარი, სხვა გრიპოზული მოვლენები.

მათ, ვინც მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო აქციაში, უფასოდ მიეწოდებათ შემდეგი კვლევის შედეგები:

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • ჯგუფი, რეზუსი, ფენოტიპი
  • B და C ჰეპატიტი, სიფილისი, ციტომეგალო და შიდსის ვირუსი
  • ადამიანმა, ვინც დონორობას აპირებს, უნდა იცოდეს შემდეგი:
  • სისხლის დონაცია იოლი, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია;
  • სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან;
  • სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის;
  • სისხლის ჩაბარება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში;
  • სისხლის ჩაბარების დღეს უმჯობესია, დილით მსუბუქად წაიხემსოთ და დალიოთ ტკბილი ჩაი. თავი უნდა შეიკავოთ თამბაქოსა და ანალგეტიკების მიღებისაგან;
  • სისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ.

ადგილმდებარეობა: ილიაუნის ა კორპუსი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

დრო: 13:00-17:00 საათი

2022 წელი

ბანერები