ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სტაჟირებაზე აშშ-ში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სატყეო და საერთაშორისო პროგრამების სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სოფიკო ფასოევი, ნიკა გობრონიძე და თინათინ ლობჯანიძე ხუთი თვის განმავლობაში გაივლიან სტაჟირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე. 

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სტუდენტები სატყეო მენეჯმენტის მიმართულებით შეიძენენ არა მარტო თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ და ტექნიკურ უნარებს; ისინი, როგორც წესი, ჩართულები არიან საერთაშორისო კვლევებში, ამასთან ახორციელებენ ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა: სალაშქრო და საპიკნიკო ზონების მოწესრიგება, რეაბილიტაცია და ახალი დიზაინის შემუშავება; საინფორმაციო ნიშნულების დამონტაჟება, ველური ბუნების მკვლევრებთან ერთად ტყის სხვადასხვა დანაყოფის შესწავლა და სახეობების აღწერა, დაცული ტერიტორიის საინფორმაციო ცენტრში ტურისტებისათვის ინფორმაციის მიწოდება სალაშქრო ბილიკებისა და საპიკნიკე ადგილების შესახებ და სხვ.

პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე სოფიკო ფასოევი გვიზიარებს გამოცდილებას: „ჩემი აქტივობები უმეტესად საველე სამუშაოებს მოიცავს და ეს ყველაფერი ჩემთვის ახალია; მხოლოდ სამი კვირაა აქ ვარ და უკვე ბევრი რამ ვისწავლე. წლის ბოლომდე კიდევ უფრო გავიღრმავებ ცოდნას. ეს ძალზე ღირებული გამოცდილებაა ჩემთვის, არა მარტო როგორც მეტყევისათვის, არამედ პიროვნული ზრდის კუთხითაც“. 

ბანერები