


შვედეთის უნივერსიტეტების ვიზიტი
2012 წლის 22-23 ოქტომბერს ტემპუსის ეროვნული ბიუროსა და შვედეთის მთავრობის ორგანიზებით საქართველოს ეწვია შვედეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლების დელეგაცია. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოსა და შვედეთის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ტემპუსის, ერაზმუს მუნდუსისა და ლინეუს-პალმეს პროგრამების ფარგლებში.
23 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა შვედეთის უნივერსიტეტების ოცამდე წარმომადგენელს, რომლებიც ილიაუნის თანამშრომლებსა და პროფესორებს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ესტუმრნენ. სამუშაო შეხვედრებზე განხილულ იქნა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები ბიზნესის ადმინისტრირების, ინჟინერიის, ქიმიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, არქიტექტურის, განათლებისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. ასევე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ორმხრივი კონტაქტის დამყარებისაკენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ათამდე შვედურ უნივერსიტეტს შორის, კერძოდ: ლუნდის უნივერსიტეტი, მალმოს უნივერსიტეტი, კრისტიანსტადის უნივერსიტეტი, ტექნოლოგიის სამეფო ინსტიტუტი (KHT), ბორასის უნივერსიტეტი და სხვა.