ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

შიო ხეცურიანის საჯარო ლექცია PPRTC-ისა და EPRC-ის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში

ახალი ამბები

14 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევებისა და ტრენინგების ცენტრში საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ,  შიო ხეცურიანმა, წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „კარგი მმართველობა და ევროინტეგრაციის ვალდებულებები საქართველოსთვის“. ლექციის მთავარი თემა იყო მართვასა და კარგ მმართველობას შორის არსებული განსხვავებები და მმართველობის პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეები: სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი.

მომხსენებელმა მიმოიხილა კარგი მმართველობის მთავარი პრინციპები, მათ შორის: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობა და ა.შ. მან 3 ქვეყნის - ბუტანის, არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და საქართველოს - მაგალითზე ისაუბრა ამ სახელმწიფოებში განხორციელებულ რეფორმებზე, რომლებიც  კარგი მმართველობის ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს.

ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომლის მთავარი თემა იყო სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესში ინოვაციების მნიშვნელობა, ელექტრონული მმართველობა, ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელობა და სფეროს შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

ლექცია ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრისა (PPRTC) და არასამთავრობო ორგანიზაციის - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) - ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში. პროექტი მოიცავს ლექციათა სერიას, რომელთაც სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა განვითარების აკადემიის კურსდამთავრებულები ატარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.

პროექტის ფარგლებში, მომდევნო ლექცია: „სიძულვილის ენა და ანტიდასავლური პროპაგანდა ქართულ მედიაში“ ჩატარდება 19 აპრილს. მომხსენებელი: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ტრენინგ-პროგრამების მენეჯერი, თამარ ხორბალაძე.

 

ბანერები