


სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია
10 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლების სამინისტროს ეგიდით გამართულ საზაფხულო სკოლაში სამოცმა სტუდენტმა გაიარა სამკვირიანი სასწავლო პროგრამა. აქედან თოთხმეტი სტუდენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდა.
21 ივნისიდან 10 ივლისამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა საზაფხულო სკოლა, რომელიც მოიცავდა ორ მოდულს: ”ინკლუზიური განათლება და საკლასო პრაქტიკა” და ”მეტყველების განვითარების დარღვევები და კომუნიკაციის ფორმები”.
საზაფხულო სკოლის მიზანია იმ მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, რომლებიც მუშაობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან. პროგრამა გათვალისწინებულია როგორც ბაკალავრიატდამთავრებული სტუდენტებისთვის, ასევე საბავშვო ბაღებისა და სკოლების პედაგოგებისთვის.
პროექტი ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერით.