


სემინარი კვლევების განვითარების პროგრამაში
22-23 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტში ჩატარდა ტრენინგ-სემინარი, რომელიც ეხებოდა ევროკომისიის კვლევებისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამაში მონაწილეობას. ორდღიანი სემინარის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები გაეცნენ მე-7 ჩარჩო პროგრამის სტრუქტურას, საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის პირობებს და შეიმუშავეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მონახაზები.
ევროკომისიის კვლევის და ტექნოლოგიური განვითარების მე–7 ჩარჩო პროგრამა კვლევის განვითარების დაფინანსების ყველაზე დიდი პროგრამაა მსოფლიოში. ის შვიდი წლის (2007–2013) განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 50 მილიარდი ევროა, რომლის ნაწილიც მოხმარდება გრანტებს კვლევაში ჩართული სუბიექტებისთვის ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. ამ თანხით ხდება კვლევის, ტექნოლოგიური განვითარების და სადემონსტრაციო პროექტების თანადაფინანსება.