


საზაფხულო სკოლა ”საქართველო და დასავლური ინტეგრაცია - წინსვლა და დაბრკოლებები”
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში 24 აგვისტოს გაიხსნა საერთაშორისო საზაფხულო სკოლა "საქართველო და დასავლური ინტეგრაცია - წინსვლა და დაბრკოლებები".
პროგრამის ხელმძღვანელი - დავით აფრასიძე აღნიშნავს, რომ საზაფხულო სკოლის თემატიკამ მოსალოდნელზე დიდი ინტერესი გამოიწვია. ამიტომ ორგანიზატორებმა მონაწილეები კონკურსის წესით შეარჩიეს. ჩატარებული კონკურსის შედეგად სკოლაში 21 გერმანელი სტუდენტი ჩაირიცხა. მათ ლექციებს როგორც ქართველი, ასევე გერმანელი ლექტორები წაუკითხავენ.
საზაფხულო სკოლაში სწავლა ორი კვირის მანძილზე გრძელდება (21.08-06.09). ლექციები, სემინარები და დისკუსიები ჯერ თბილისში, შემდეგ კი აბასთუმნის
ობსერვატორიის ტერიტორიაზე ჩატარდება. საზაფხულო სკოლის თანადამფინანსებელი და თანაორგანიზატორია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური DAAD.
სწავლის პროცესში სტუდენტები სხვადასხვა თემას განიხილავენ: ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მაგალითზე "სამოქალაქო საზოგადოება", როგორც მოქმედი პირი კონფლიქტების მოგვარებაში; ევროპის დაახლოება სამხრეთ კავკასიასთან და ამერიკის ინტერესები რეგიონში; დასავლური ინტეგრაციის და "ევროპიზაციის" განსხვავებული აღქმები სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოში; "ტერიტორიული ავტონომიის" და "საერთო სახელმწიფოს" კონცეფციები - სეპარატიზმის რეალური ალტენატივები სამხრეთ კავკასიაში. ყოველი მოხსენების შემდეგ გაიმართება დისკუსია და უცხოელი სტუდენტები თემატურ რეფერატებს წარმოადგენენ.
საზაფხულო სკოლის პერიოდში გერმანელი სტუდენტები და პროფესორები მოინახულებენ უფლისციხეს, ვარძიას, მცხეთას და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს, დაათვალიერებენ ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალურ პარკს.