


საზაფხულო სკოლა გერმანელი სტუდენტებისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწვევს გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს საზაფხულო სკოლაში „სამხრეთ კავკასია - კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა“ მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლა უკვე მეხუთე წელია იმართება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით, პროგრამის „GoEast“ ფარგლებში.
საზაფხულო სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს კავკასიის როგორ ფენომენის გააზრებას ევროპულ აკადემიურ სივრცეში და ამით წვლილი შეიტანოს ევროპისა და კავკასიის ქვეყნების კულტურულსა და პოლიტიკურ ურთიერთდაახლოებაში. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ კავკასიის კულტურისა და პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტებს არა მხოლოდ თეორიულად - სასემინარო მუშაობის შედეგად, არამედ პრაქტიკულადაც - ქართულ სინამდვილესთან უშუალო კავშირის შედეგად. პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად ისინი მონაწილეობას მიიღებენ არაერთ ექსკურსიასა და მასპინძელი ქართული ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზაფხულო სკოლის ფარგლებში შეძენილი ცოდნა და კულტურათშორისი კომპეტენციები შექმნის საფუძველს გერმანიაში კავკასიის კვლევების გაღრმავებისა და მომავალი თანამშრომლობისთვის.
საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობაა ორი კვირა (06.09.2013-20.09.2013), იგი მოიცავს სემინარებსა და მოხსენებებს. სემინარებს გაუძღვებიან დოქტორი უვე ჰალბახი (მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდი, ბერლინი) და დოქტორი ფლორიან მიულფრიდი (ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი, იენა). სასემინარო მუშაობის შემდეგ (რომელსაც დღეში ოთხი საათი დაეთმობა) საზაფხულო სკოლის მონაწილეები შეხვდებიან სხვადასხვა დარგის ქართველ ექსპერტებს, ხელოვანებს, პოლიტიკოსებს. საზაფხულო სკოლაში სწავლების ენები იქნება გერმანული და ინგლისური. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს (3 კრედიტი), რომლების მოპოვების წინაპირობა იქნება რეფერატი წინასწარ შეთანხმებულ თემაზე.
სემინარები და შეხვედრები ჩატარდება თბილისსა და აბასთუმანში. ექსკურსიებზე (მცხეთაში, ყაზბეგში, ვარძიაში, ხერთვისში) მონაწილეები დაათვალიერებენ კულტურულ ძეგლებს, დატკბებიან ხედებით და მოისმენენ მცირე მოხსენებებს. საზაფხულო სკოლის პირველი კვირა ჩატარდება თბილისში, მეორე კვირის ნაწილი - აბასთუმანში, ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე, ბოლო დღეებს კი მონაწილეები კვლავ თბილისში გაატარებენ.
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური სტიპენდიებით უზრუნველყოფს გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების ოც სტუდენტს, რომლებიც სწავლობენ ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. სტიპენდიის მოსაპოვებლად მსურველებმა განაცხადი უნდა შეიტანონ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურში (http://goeast.daad.de). თვითდაფინანსების შემთხვევაში შერჩეულ კონტინგენტს შეიძლება დაემატოს ხუთი სტუდენტი.
სტუდენტები თბილისში იცხოვრებენ მასპინძელ ოჯახებსა და დაქირავებულ ბინებში, ყაზბეგსა და აბასთუმანში - საუნივერსიტეტო სასტუმროებში. ცხოვრებისა და კვების ხარჯებს სტუდენტები თავად დაფარავენ.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა 2013 წლის 31 მაისამდე უნდა წარმოადგინონ ტაბელარული ბიოგრაფია (CV), სამოტივაციო წერილი და რეკომენდაცია მისამართზე levan_tsagareli@iliauni.edu.ge. კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება არა უგვიანეს 2013 წლის 30 ივნისისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელს, პროფ. ლევან ცაგარელს (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, levan_tsagareli@iliauni.edu.ge) ან საზაფხულო სკოლის კოორდინატორს, გიორგი ჩანტლაძეს (სტუდენტური სერვის ცენტრის ხელმძღვანელი, gchantladze@iliauni.edu.ge).