ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საქართველოს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ (IBR) მიერ მომზადებული კიდევ ერთი კვლევის – „საქართველოს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და ტოპ 30 დამსაქმებელი კომპანია“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
 
კვლევის პროცესში შესწავლილ იქნა საქართველოში 2 ყველაზე პოპულარულ ვებ-გვერდზე – www.jobs.ge და www.HR.com.ge განთავსებული განაცხადებები – პროფესიების, კომპანიების და რეგიონების მიხედვით; კვლევაში მოცემულია ხელფასების ცვლილება ბიზნესის სექტორების მიხედვით, ყველა მაღალანაზღაურებადი და დაბალანაზღაურებადი პროფესია. სულ შესწავლილ იქნა 2251 ვაკანსია. ასევე კომპანიებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოვლენილ იქნა საქართველოს 30 ყველაზე დამსაქმებელი კომპანია.
 
კვლევაში ასევე  მოცემულია ვაკანსიები, რომლებზე მოთხოვნა დაფიქსირდა უცხოეთიდან, კერძოდ: გერმანიიდან, უკრაინიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ყატარიდან. ასევე გამოვლინდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვაკანსიები.

შესწავლილი 2251 ვაკანსია ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული იყო 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე პერიოდში. ყველაზე მაღალი მოთხოვნა ამ პერიოდში გაყიდვების მენეჯერზე აღინიშნა - 235 ერთეული, მეორე პოზიციაზე გავიდა ბუღალტრის/ფინანსისტის პოზიცია - 105 ერთეული, მესამეზე კი - დისტრიბუტორი - 98 ერთეული.

რაც შეეხება კომპანიებს, ყველაზე მაღალი მოთხოვნა სამუშაო ძალაზე კვლევის პერიოდში დაფიქსირდა ბანკი ”კონსტანტას” მხრიდან, სულ- 76 ვაკანსია. შემდეგ მოდის სუპერმარკეტების ქსელი ”სმარტი” – 57 და სილქნეტი - 41 ვაკანსია. ათეულში შედიან: ”საქართველოს უნივერსიტეტი”, იუსტიციის სახლი/სამინისტრო, ”საქაერონავიგაცია”, ”აი პი ემ პერმინალს ფოთი”, ”ნიკორა”, ევროპის სახლი და ”ქეი ეს ბი” ბანკი.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მოთხოვნაა თბილისში - 78%, შემდეგ მოდის იმერეთი - 5%, აჭარა- 5%, სამეგრელო - 3%, კახეთი - 3%, ქვემო ქართლი - 2% , გურია - 2%, სამცხე-ჯავახეთი - 1 % და შიდა ქართლი - 1%.

რაც შეეხება საქართველოში ყველაზე დამსაქმებელ კომპანიებს ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1. საქართველოს რკინიგზა - 13500 თანამშრომელი;
2. საქართველოს ბანკი - 8000;
3. ენერგო პრო ჯორჯია - 5500;
4.ვისოლ ჯგუფი - 4500 ;
5. ლიბერთი ბანკი - 4500.
მათ სიაშია ასევე ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა: სილქნეტი, თი ბი სი ბანკი, თელასი, რუსთავის აზოტი, სოკარი , გუდვილი და სხვა.

კვლევა განხორციელდება პერიოდულად (3 თვეში ერთხელ) და დაინტერესებულ მხარეებს შესაძლობლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია შრომის ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუ“ მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მიერ.

ბანერები