


საქართველოს ფლორის ენდემი – კოლხური ყოჩივარდა
2010 წლის ოქტომბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული ბოტანიკური ბაღის თანამშრომელთა ჯგუფმა (ცირა მიქატაძე-ფანცულაია, დავით ქიქოძე, თინათინ ბარბლიშვილი, მანანა ხუციშვილი და სტუდენტი სანდრო ყოლბაია), რომელიც საქართველოში დიდი ბრიტანეთის ქიუს სამეფო ბოტანიკური ბაღის მილენიუმის თესლის ბანკის პარტნიორია, აღმოაჩინა საქართველოს ფლორის ენდემის – კოლხური ყოჩივარდას გავრცელების ახალი უბნები დასავლეთ საქართველოში. დიდი ბრიტანეთის რაფორდის ფონდის მიერ დაფინანსებული საველე კვლევის შედეგად სამიზნე სახეობის მცენარეები, რომელთა ფოტოებიც ექსპედიციის წევრებს ჩხოროწყუელმა ბუნების მოყვარულმა, რომან თოლორდავამ მიაწოდა, ნაპოვნი იქნა მდინარე ხობისწყლის ხეობაში (ჩხოროწყუს რაიონი), დოლომიტიანი კირქვიანი კლდეების ნაპრალებში.
კოლხური ყოჩივარდა ხასიათდება დაკბილული ფოთლებითა და სურნელოვანი ყვავილებით; მის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს კოლხეთის კალციფილური ფლორის ევოლუციური ისტორიის კვლევისათვის. კოლხური ყოჩივარდას კონსერვაცია მნიშვნელოვანი ბუნების დაცვითი ღონისძიებაა, რამდენადაც ამ სახეობის მცენარეებს გადაშენების საფრთხე ემუქრებათ მათი პოპულაციების მცირერიცხოვნობისა და ადამიანის ზემოქმედების (მცენარეების მოპოვება ბუნებრივ გარემოში მათი სამკურნალო და დეკორატიული თვისებების გამო) შედეგად. ნაპოვნი პოპულაციის თესლის მარაგი, გამოყენებული იქნება ამ სახეობის გასამრავლებლად და ცოცხალი კოლექციების შესაქმნელად საქართველოს ეროვნულ და დიდი ბრიტანეთის ქიუს სამეფო ბოტანიკურ ბაღებში, რაც უკვე დაგეგმილია.