


საქართველო სსრკ-ს წინააღმდეგ
29 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იმიტირებული სასამართლო პროცესის მეორე სხდომა გაიმართა.
პროექტი მომზადდა და მიმდინარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების აკადემიური სწავლების ფორმატში და ეფუძნება ნაციზმის წინააღმდეგ ნიუნბერგის 1945 წლის საერთაშორისო ტრიბუნალის სამართლებრივ კონცეფციას.
მეორე სხდომაზე 1921 წლის სამართლებრივი ეპიზოდი ”საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია” განიხილებოდა. ამ სასამართლო პროცესის ქარტია ცივილიზებული, სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების, საქართველოსა და საერთაშორისო სასამართლოების პროცესუალური მოთხოვნების დაცვით შემუშავდა და უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცდა.
პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები წარმოადგენდნენ, სასამართლოს წარუდგინეს საკუთარ არგუმენტები და დაკითხეს ის მკვლევარი სტუდენტები, რომლებიც ამ პროცესის ფორმატში საკითხზე ობიექტური განაჩენის გამოტანის მიზნით მასალებს ამზადებდნენ.
ტრადიციულად, სასამართლო პროცესი წარმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა.
იმიტირებული სასამართლოს ფარგლებში კიდევ ორი სხდომაა დაგეგმილი, აგრეთვე, მიმდინარეობს აკადემიური კვლევა შემდეგი სასამართლო სარჩელების მოსამზადებლად: ”რელიგიური დევნა საბჭოთა კავშირში”, ”პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში”, ”კავკასიელ ხალხთა რეპრესია და დეპორტაცია საბჭოთა კავშირში”, ”მესხეთ-ჯავახეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაცია საბჭოთა კავშირში”, ”საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პასუხისმგებლობა ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში”.