


SAP University Alliances-ის პრეზენტაცია ილიაუნიში
30 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა SAP University Alliances-ის პრეზენტაცია.
2011 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის SAP University Alliances-ის წევრი, რაც მას უფლებას აძლევს, სასწავლო პროგრამაში ჩართოს SAP-სისტემის სწავლება და გამოიყენოს იგი სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების მომზადებისას. SAP-სისტემის ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის შეიძინა უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული არაერთი პროექტის პარტნიორმა სს ბაზისბანკმა. ბაზისბანკის ფინანსურმა მხარდაჭერამ ასევე დიდი როლი ითამაშა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის SAP University Alliances-ში გაწევრიანებაში.
პრეზენტატორი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მიხეილ თუთბერიძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა SAP- სისტემის პრიორიტეტებსა და უპირატესობებზე.
რატომ SAP?
• ERP სისტემების ბაზარზე ყველაზე წარმატებული სისტემა
• 109 000 კლიენტი ორგანიზაცია მსოფლიოს 75 ქვეყანაში
• უნივერსალური შესაძლებლობები მეურნეობის სხვადასხვა დარგში გამოყენებისათვის
• მრავალრიცხოვანი სამეცნიერო-კვლევითი პერსონალი, რომელიც მუშაობს პროდუქციის მუდმივ სრულყოფაზე
• სპეციალური საუნივერსიტეტო პროგრამის მუდმივი მხარდაჭერა, რომლის მიზანია SAP - სისტემის პოპულარიზაცია საზოგადოების ფართო ფენებში (SAP University Alliances)
SAP University Alliances არის მსოფლიოს უნივერსიტეტების ფართო ქსელი, მას აქვს სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება, უცხოელი სტუდენტების მობილობისა და ქართველი სტუდენტების უცხოეთში დასაქმების პერსპექტივა. ალიანსი მასში მონაწილე სასწავლებლების პედაგოგებს სთავაზობს კვალიფიკაციის ასამაღლებელ ყოველწლიურ უფასო კურსებს.
პრეზენტაციაზე ასევე საუბარი იყო SAP-ის მოდულებზე, ინსტრუმენტებზე, ძირითად ფუნქციებზე და სხვა.
პრეზენტაციაზე ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ წარმატება უსურვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პროექტის განხორციელებაში. თავის მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა თენგიზ ვერულავამ მადლობა გადაუხადა ბაზისბანკს თანამშრომლობისათვის.