


სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა
ახალი ამბები
10-13 ივნისს საქართველოში იმყოფებოდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი რანგის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: პროვოსტი/უფროსი ვიცე-პრეზიდენტი უილიამ (ბილ) ტონგი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით ჰალა მადანატი, მეცნიერებათა კოლეჯის დეკანი ჯეფრი რობერტსი და გლობალური კამპუსის დეკანი იან გიბსონი.
11 ივნისს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა ანგარიში უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტატუსისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ 5 მილიონი დოლარის ღირებულების ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ხორციელდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 2023 წლის მემორანდუმის საფუძველზე 4 წლით გაგრძელდა. ამ პროექტით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 25 სტუდენტი მიიღო ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე „სამოქალაქო ინჟინერია“.
სან დიეგოს დელეგაციისა და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ 11 ივნისს სასტუმრო თბილისი მერიოტში გამართულ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაში.
საბჭოს სიტყვით მიმართა საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და ქართული უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წვლილსა და თანამშრომლობების გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა. სხდომას ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორები და უნივერსიტეტების წარმომადგენლები. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე.
12 ივნისს დელეგაციამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს ილიაუნის ტექნოლოგიური და საინჟინრო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესთან (ABET აკრედიტაცია) დაკავშირებული საკითხები და გეგმები ამ მიმართულებით. მხარეებმა ასევე იმსჯელეს თანამშრომლობის გაფართოების საკითხებსა და საინჟინრო პროგრამების პარალელურად თანამშრომლობის ახალ მიმართულებათა განვითარებაზე, მათ შორის განათლების მეცნიერებების, მეწარმეობისა და ინოვაციების და კიბერუსაფრთხოების სფეროებში, ისაუბრეს ერთობლივი სასერტიფიკატო კურსების, სეზონური სასწავლო პროგრამებსა და სკოლების ორგანიზებაზე.
13 ივნისს გაიმართა შეხვედრა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტსა და უფროს ვიცე-პრეზიდენტ უილიამ ტონგსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეობისა და ინოვაციების გუნდს შორის. ილიაუნი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს ერთობლივ 18-თვიან პროექტს „უნივერსიტეტის სამეწარმეო განათლების (EE) სასწავლო (კურიკულარული) და კოკურიკულარული რეფორმა”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროგრამა „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” მიერ შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF).
2024
გალერეა