


სამეცნიერო პრემია
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის მეცნიერ-მკვლევარი თამარ პატარიძე 2013 წლის 22 ნოემბერს დაჯილდოვდა ალექსანდრე ბოლიგის (Alexander-Böhlig Preis) სამეცნიერო პრემიით. პრემია დაიმსახურა მისმა სადოქტორო ნაშრომმა: „ისააკ ნინეველის ასკეტური ჰომილიების ქართული ვერსიები და მათი სემიტური სუბსტრატი”, რომელიც მომზადდა და 2012 წელს დაცულ იქნა ბელგიის ქალაქ ლუვენის უნივერსიტეტში პროფ. პროფ. ანდრეა შმიდტის ხელმძღვანელობით. ალექსანდრე ბოლიგის პრემია ორ წელიწადში ერთხელ გადაეცემა მეცნიერებს, რომელთა მიერ ევროპაში დაცული სადისერტაციო ნაშრომი სპეციალური კომისიის მიერ შეფასდება, როგორც ამ მიმართულებაში საუკეთესო.
თამარ პატარიძის დაჯილდოების ცერემონიალი ბერლინის მეცნიერებათა აკადემიაში მოეწყო.
თამარ პატარიძის შესახებ:
2012 წლიდან მუშაობს მეცნიერ-მკვლევრად ლინგვისტურ კვლევათა ცენტრში. იგი კოორდინირებას უწევს ორ პროექტს: 1. ქართულ-ევროპული წყაროების კორპუსი. ხელმძღვანელობს ვატიკანის არქივებიდან ჩამოტანილი მასალის მთარგმნელთა ჯგუფს. 2. ძველი ქართული მთარგმნელობითი ბაზები. ამ ბაზების საფუძველზე მომავალ წელს დაგეგმილია ერთობლივი პროექტის განხორციელება ლუვენის უნივერსიტეტთან.