


სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია
9 სექტემბერს სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010 წლის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა.
წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 37 სამაგისტრო პროგრამაზე 811 სტუდენტს მიიღებს. პროგრამების უმრავლესობა აგებულია თანამედროვე სამაგისტრო პროგრამების პრინციპით - გათვალისწინებულია საუკეთესო ამერიკული და ევროპული გამოცდილება. პროგრამების უმრავლესობა უცხოელ პროფესორებთან თანამშრომლობითაა შემუშავებული. ასევე, მაქსიმალურადაა გათვალისწინებული უცხოელი და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი პროფესორების ჩართვა სასწავლო პროცესში. ამ მიზნით გამოიყენება დისტანციური სწავლების მეთოდებიც.
2010 წლის სამაგისტრო პროგრამები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიგი თევზაძემ და სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტის დეკანმა დავით აფრასიძემ წარადგინეს. მათი განცხადებით, თანამედროვე საქართველოს წინსვლის ერთ-ერთი საფუძველი - მეცნიერების განვითარებაა. აქამდე საქართველოში, ისევე როგორც სხვა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ფუნდამენტური მეცნიერება არ განიხილებოდა, როგორც გამოყენებითის საფუძველი. ჩვენ მეცნიერებას ვხედავთ, როგორც რეალური ცხოვრების პროგრესის წინაპირობას.
უნდა აღინიშნოს, რომ ილიას უნივერსიტეტი წარმოადგენს საქართველოში პირველ და ჯერჯერობით უნიკალურ სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების გადაბმის ახალ სტრუქტურას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულება, სურვილის შემთხვევაში, ავტომატურად ნიშნავს სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვას. სადოქტორო პროგრამა ილიაუნიში უფასოა და სტუდენტს აქვს საშუალება უშუალოდ ჩაერთოს სწავლების პროცესში და მონაწილეობა მიიღოს უნიკალურ კვლევებში.