


საგამომცემლო პროექტის პრეზენტაცია და დისკუსია
22 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საგამომცემლო პროექტის პრეზენტაცია და დისკუსია, რომელიც კულტურის მენეჯმენტისა და კულტურის პოლიტიკის შემსწავლელმა ცენტრმა მოაწყო.
პრეზენტაციას ესწრებოდა ხიპ ჰაგორტი - უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორი, რომლის წიგნიც, სახელწოდებით "კულტურის მენეჯმენტი, ანტრეპრენიორული სტილი", სულ მალე ქართულ ენაზე გამოიცემა.
საგამომცემლო პროექტის პრეზენტაციაზე საქართველოში ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით ჩამოსულმა პროფესორმა აქცენტი გააკეთა წიგნის შინაარსსა და მნიშვნელობაზე, პროფესიულ გამოცდილებაზე, რომელსაც თავი აღნიშნულ ნაშრომში მოუყარა.
პრეზენტაცია გადაიზარდა დისკუსიაში, რომელსაც უცხოელ სტუმართან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იური მღებრიშვილი უძღვებოდა.
შეხვედრის მეორე ნაწილში აქტიურად ჩაერთნენ ილიაუნის სტუდენტები. მათი უმრავლესობა ხიპ ჰაგორტის ორდღიან (20 და 21 დეკემბერი) ლექციასაც ესწრებოდა. აუდიტორიას საშუალება მიეცა, შეკითხვები დაესვა პროფესორისთვის, რომელსაც კულტურის მენეჯმენტის სფეროში მუშაობის დიდი და წარმატებული გამოცდილება აქვს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (დირექტორი ლევან ხეთაგური) ხიპ ჰაგორტთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.