


საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი "ბახიდან რახმანინოვამდე"
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი „ბახიდან რახმანინოვამდე".
კონცერტზე ილიაუნის სტუდენტების შესრულებით დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა საშუალება, მოესმინა ბაროკოს, კლასიკური და რომანტიკული ეპოქების ყველაზე თვალსაჩინო კომპოზიტორების ნაწარმოებები, როგორებიც არიან: ბახი, ბეთჰოვენი, მოცარტი, ჩაიკოვსკი, რახმანინოვი და სხვა. კონცერტში მონაწილე სოლისტებს ხელმძღვანელობდა ცნობილი პედაგოგი და პიანისტი, ნინო მამრაძე.
კონცერტში მონაწილე სოლისტები „საკლავიშო უნარების“ კურსის სტუდენტები არიან. ძირითად პროგრამებად მათ განსხვავებული დარგები აქვთ არჩეული, მუსიკას კი ისინი როგორც მეორად პროფესიას, ან როგორც თავისუფალ არჩევით კურსს, ისე სწავლობენ. ეს კონცერტი მათ მიერ ერთი სემესტრის სწავლის მანძილზე მიღწეულის ჩვენებას წარმოადგენდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრი 2009 წელს დაარსდა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ნაწილს წარმოადგენს. საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში ის პირველია, რომელიც საბაკალავრო სამუსიკო პროგრამებს ახორციელებს.
ცენტრის მიერ შეთავაზებული ძირითადი (Major) და მეორე (Minor) პროგრამები დასავლური უნივერსიტეტების პროგრამების მსგავსია და მოიცავს მუსიკის მეტად ფართო სპექტრს. ჩვენთან შეგიძლიათ ისწავლოთ კლასიკური და ქართული პროფესიული მუსიკა; მსოფლიოს ხალხების ტრადიციული მუსიკა (მათ შორის ქართული); თანამედროვე პოპულარული მუსიკალური მიმდინარეობები: ჯაზი, როკი და პოპი; ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკა; კომპოზიცია; კინოსა და თეატრის მუსიკა და სხვ.
ილიაუნის მუსიკის ცენტრი ახლა იწყებს საშემსრულებლო მიმართულების განვითარებას. „საკლავიშო უნარების“ კურსი ილიაუნიში მიჰყავს ცნობილ პიანისტს, პედაგოგს და საზოგადო მოღვაწეს, ნინო მამრაძეს. მან 1977 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია, ხოლო 1981 წელს - ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა. სწავლობდა თავისი დროის ისეთ ბრწყინვალე პედაგოგებთან, როგორიც არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები, პროფესორი იაკობ ზაკი და პროფესორი ლევ ვლასენკო.
ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ნინო მამრაძე მუშაობდა სოლისტად საქართველოს ფილარმონიაში, მოწვეულ ექსპერტად კაიროს ხელოვნების აკადემიაში და პედაგოგად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 2005-2011 წლებში ის იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის №1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის („ნიჭიერთა ათწლედის“) დირექტორი. ბოლო ათი წლის მანძილზე ნინო მამრაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა მუსიკალური განათლების საშუალო რგოლის რეფორმირებაში, ხოლო ამჟამად მუშაობს ჩვენს უნივერსიტეტში საშემსრულებლო მოდულის განვითარებაზე.