


საერთაშორისო სტუდენტური ვორკშოპი - “თბილისი: განსაკუთრებული სცენარი”
ახალი ამბები
6-9 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო სტუდენტური ვორკშოპი - “თბილისი: განსაკუთრებული სცენარი”.
ვორკშოპზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და OTH რეგენსბურგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის არქიტექტურის და ურბანისტიკის მიმართულების სტუდენტებს მიმზიდველი, მნიშვნელოვანი და კარგად დაპროექტებული ქალაქების უბნების შესწავლის და განხილვის შედეგად უნდა შეეფასებინათ 5 “D”: Density, Diversity, Design, Destination and Distance (სიმჭიდროვე, მრავალფეროვნება, დიზაინი, დანიშნულება, მანძილი) და ეს პარამეტრები მოერგოთ წინასწარ შერჩეული ტერიტორიისთვის (კერძოდ, მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიისთვის). სტუდენტების მოვალეობა იყო აქტიური ჩარევა და გრძელვადიანი ცვლილებების სწორად დაგეგმვა იმ კონკრეტულ ადგილებში, სადაც ეს აუცილებელია.
ვორკშოპს უძღვებოდა OTH რეგენსბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ურბანისტიკის მიმართულების პროფესორი, იოჰან-პიტერ შეკი.
იოჰან-პიტერ შეკის შესახებ
იოჰან-პიტერ შეკმა დაამთავრა შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ციურიხი, შვეიცარია) და მრავალი წელი მუშაობდა ბერლინის არქიტექტურულ სახელოსნოში. მიღებული აქვს ჯილდოები ქალაქგეგმარებით და არქიტექტურულ პროექტებში; შესრულებული აქვს არაერთი შენობა-ნაგებობის პროექტი; დამუშავებული აქვს ბერლინის ერთი კონკრეტული უბნის სოციალური პროექტი. ამჟამად ამუშავებს ჩინეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქის გენერალურ გეგმას.
იოჰან-პიტერ შეკი მოწვეული პროფესორია ვერსალში (საფრანგეთი), მილანში (იტალია) და ქინგდაოში (ჩინეთი).
გალერეა