ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ტერმინოლოგიაში ილიაუნში ჩატარდება

ახალი ამბები

1-5 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ტერმინოლოგიაში.

30-წლიანი ტრადიციის მქონე სკოლა ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე ეწყობა.  

ტერმინოლოგიის საზაფხულო სკოლა წამყვანი და ყველაზე მასშტაბური საზაფხულო სკოლაა ტერმინოლოგიის დარგის სპეციალისტებისა და ამ დარგის შემსწავლელი სტუდენტებისათვის. მას ყოველ წელს 100-150 მონაწილე ჰყავს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან და თითქმის ყველა კონტინენტიდან. 

ერთკვირიანი სკოლა, ორიენტირებული პრაქტიკაზე, მსმენელებს აცნობს ტერმინოლოგიური მუშაობის მეთოდებს, პრინციპებს, პროგრამულ ინსტრუმენტებს. მისი პედაგოგები დარგის აღიარებული სპეციალისტები არიან. 

ტერმინოლოგია თითქმის ყველა ევროპულ უნივერსიტეტში ისწავლება როგორც ცალკე დარგი, ასევე ლექსიკოგრაფიისა და თარგმანმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში. 

ტერმინოლოგია მზარდი პროფესიაა საქართველოშიც, რადგან სახელმწიფო ენის 10-წლიანი სტრატეგიის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. საზაფხულო სკოლის საქართველოში ჩატარების მიზანია ტერმინოლოგიური მუშაობის მნიშვნელობის გამოკვეთა, სამთავრობო და კერძო სტრუქტურების ყურადღების გამახვილება ამ დარგზე და მისი პოპულარიზაცია ქვეყანაში. 

საზაფხულო სკოლას ატარებს ტერმინოლოგთა საერთაშორისო ორგანიზაცია „ტერმნეტი“. თანაორგანიზატორები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ხელშეკრულებათა მთარგმნელობითი ბიურო.

2024

 

ბანერები