ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ენა და ტერიტორია 3“

ახალი ამბები

2017 წლის 14-19 მაისს, მაროკოში, ქალაქ კენიტრაში, მესამედ ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ენა და ტერიტორია“, რომელიც განსაკუთრებულად მრავალფეროვანი თემატიკით გამოირჩევა. კონფერენციის სამუშაო ენებია: არაბული, ფრანგული და ინგლისური.

კონფერენციის ისტორია

კონფერენცია - სახელწოდებით, „ენა და ტერიტორია“ - პირველად 2010 წლის სექტემბერში კანადაში, სედბერის ლორანსიენის უნივერსიტეტში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამმა პროფესორმა: ათინათ მამაცაშვილმა, ინგა ღუტიძემ და მზაღო დოხტურიშვილმა. იქვე დაიბადა იდეა, ამავე სახელწოდების და თემატიკის კონფერენცია ჩატარებულიყო საქართველოშიც.

შესაბამისად, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ენა და ტერიტორია 2“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2015 წლის 30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლა. მასში მონაწილეობა მიიღო 48 ქართველმა მეცნიერმა საქართველოს 7 უნივერსიტეტიდან და 51 უცხოელმა მეცნიერმა მსოფლიოს 26 ქვეყნიდან. კონფერენციის სამუშაო ენები იყო ქართული, ფრანგული და ინგლისური.

თბილისში ჩატარებული კონფერენციის მასალებს გამოსაქვეყნებლად ერთობლივად ამზადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სედბერის ლორანსიენის უნივერსიტეტი და უახლოეს მომავალში ფრანგულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნდება კანადაში.

თბილისის კონფერენციის მიმდინარეობამ, წარმოდგენილმა მოხსენებებმა და გამოკვეთილმა პრობლემებმა აჩვენა, რომ ენასა და ტერიტორიას შორის ურთიერთმიმართების საკითხები ამოუწურავია, ამიტომ დაიგეგმა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს იმავე სახელწოდების კონფერენცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გადაწყდა, „ენა და ტერიტორია 3“ 2017 წელს ჩატარდეს მაროკოში, „ენა და ტერიტორია 4“ - 2019 წელს იტალიაში და ა.შ.

მონაწილეობის პირობები

2017 წლის 14-19 მაისს მაროკოში დაგეგმილ კონფერენციაზე მონაწილეობის მსურველებს თეზისების გაგზავნა შეუძლიათ 2016 წლის 30 ოქტომბრამდე.

კონფერენციის თემატიკის ვრცელი აღწერა და მონაწილეობის პირობები ფრანგულ და ინგლისურ ენებზე იხილეთ თანდართულ ფაილებში.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები