ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

”საერთაშორისო პოლიტიკის” თარგმანის პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” რობერტ არტისა და რობერტ ჯერვისის კრებულ ”საერთაშორისო პოლიტიკის” ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე ”საერთაშორისო პოლიტიკის” ქართული თარგმანის მნიშვნელობაზე ისაუბრა ამ წიგნის სამეცნიერო რედაქტორმა,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანმა, დავით აფრასიძემ. მან მადლობა გადაუხადა მთარგმნელებს და აშშ-ის საელჩოს თანადგომისათვის. პრეზენტაციაზე ისაუბრა ასევე აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, მაიკლ ტერნერმა, რომელიც უნივერსიტეტს სამომავლო თანადგომას დაჰპირდა.

რობერტ არტისა და რობერტ ჯერვისის ”საერთაშორისო პოლიტიკის” ქართული თარგმანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2011 წელს გამოსცა. არტისა და ჯერვისის რედაქტორობით შედგენილ კრებულში შესულია კლასიკური ტექსტები საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ. თავად ეს კრებული უკვე კლასიკად იქცა და ამერიკაში წელს  მეათედ გამოიცა. პირველი გამოცემა 1973 წელს შედგა. ქართული ტექსტი სწორედ ბოლო, მეათე გამოცემის მიხედვითაა შექმნილი. კრებული გამოადგება როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებსა და მკვლევრებს, ასევე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. მისი გაცნობა საინტერესო იქნება ფართო საზოგადოებისათვისაც.

წიგნში საუბარია ძალისა და პრინციპების როლზე სახელმწიფოს მართვაში, ანარქიაზე, მის შედეგებზე და შერბილების ხერხებზე, ასევე ძალის პოლიტიკურ სარგებლიანობაზე. მაგალითადაა მოყვანილი თვითმკვლელი ტერორისტების სტრატეგიული ლოგიკა და ახალი და ძველი ომები. წიგნში ასევე შევხვდებით ნაშრომებს საერთაშორისო პოლიტიკურ ეკონომიკასა და გლობალიზაციაზე, ადამიანის უფლებებზე, საერთაშორისო სამართალზე და სხვა ცნებებსა თუ  თანამედროვე საკითხებზე საერთაშორისო პოლიტიკაში.

ბანერები