


საერთაშორისო კონფერენცია: „იმპერიის რომანტიზმი - იმპერიის რომანტიკულობა“
ახალი ამბები
9-12 სექტემბერს ყაზბეგში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „იმპერიის რომანტიზმი - იმპერიის რომანტიკულობა“.
სამეცნიერო კონფერენცია მოეწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) თანამშრომლობით.
საპატიო სტუმრის სტატუსით კონფერენციას დაესწრო და მოხსენება წაიკითხა პროფ. სუზან ლეიტონმა.
რომანტიზმში, განმანათლებლობაზე რეაქციის სახით, წარმოიშვა მგზნებარე ლტოლვა იმ დაკარგული ერთიანობის აღდგენისაკენ, რომელიც ადამიანსა და ბუნებას შორის სუფევდა და რომელიც წინააღმდეგობაში მოდის სუბიექტის ავტონომიურობასა და უზენაეს ღრებულებად აყვანილ თავისუფლებასთან. რომანტიკული ფილოსოფია და ხელოვნება ადამიანის ბუნებასთან შერიგების ერთადერთ შესაძლებლობას ესთეტიკაში ხედავდა. ასე, მაგალითად, ცნობიერ სუბიექტს, შელინგის „ბუნების ფილოსოფიიის“ თანახმად, მხოლოდ ხელოვნების წყალობით შეეძლო ბუნებასთან გაერთიანება. ხელოვნებისა და ესთეტიკურის ღირებულების ზრდასთან ერთად სამყაროც მოაზრებულ იქნა, როგორც „სუბიექტის რომანტიკული ნაყოფიერების მოტივი“ (კარლ შმიტი), ეს კი, საბოლო ჯამში, სამყაროს სახისა და ფორმის ესთეტიკური პრინციპების თანახმად გარდაქმნას ანიჭებდა ლეგიტიმაციას.
სამეცნიერო კონფერენციის ამოსავალი წერტილი იყო ესთეტიკურისა და პოლიტიკურის ურთიერთგანსზაღვრულობა - რომელიც რომანტიზმიდან მომდინარეობს - და მათი განვრცობა მე-20 საუკუნის ესთეტიკურ და პოლიტიკურ დისკურსებში. შეხვედრებზე განიხილებოდა რომანტიზმის რეცეფციის საკითხი რუსეთის იმპერიასა და, შემდგომ, საბჭოთა კავშირში. პოლიტიკურ რომანტიზმსა და პოლიტიკურის რომანტიზმს შორის რყევამ სწორედ აქ შეიძინა განსაკუთრებული სიმძლავრე და ის უზარმაზარი მასშტაბი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს გავლენას.
გალერეა