


საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი მორიგ ტრენინგს მასპინძლობს
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრმა (PPRTC) უმასპინძლა მორიგ ტრენინგს: „რეგულირების გავლენის შეფასება“. ტრენინგი შემუშავდა სპეციალურად საქართველოს პარლამენტის სამი კომიტეტის თანამშრომლებისთვის და მისი მიზანი იყო, გაეღრმავებინა მათი ცოდნა რეგულირების გავლენის ანალიზში (RIA).
დასავლეთის ქვეყნებისათვის RIA-ს გამოყენება კანონშემოქმედებით საქმიანობაში უკვე დიდი ხნის აპრობირებული მეთოდია, ხოლო საქართველო ამ მიმართულებით მხოლოდ ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს. RIA უზრუნველყოფს საკანონმდებლო ინიციატივების სიღრმისეულ ანალიზს, რათა დადგინდეს ამ ინიციატივის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე, სოციალურ და ბიზნესგარემოზე და სხვა. RIA კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელოვანი ელემენტია.
ხუთდღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ საკითხებს: კარგი რეგულირების პრინციპები, ჭკვიანი რეგულირება, საერთაშორისო გამოცდილება, სტატისტიკა და კვლევის მეთოდები და ა.შ. გარდა ამისა, შეასრულეს ჯგუფური, პრაქტიკული სამუშაოებიც.
შეგახსენებთ, რომ ტრენინგი ჩატარდა პროექტის - „ქართული აკადემიის მიერ საკანონმდებლო და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ფინანსური მხარდაჭერით.
გალერეა