ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საჯარო ლექცია: „ევროპეიზაცია, გეოპოლიტიკა და საჯარო პოლიტიკა: სომხეთისა და საქართველოს მაგალითი“

ახალი ამბები

21 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია: „ევროპეიზაცია, გეოპოლიტიკა და საჯარო პოლიტიკა: სომხეთისა და საქართველოს მაგალითი“. ლექციას უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, დავით აფრასიძე.

მომხსენებელმა ზოგადად მიმოიხილა ევროპეიზაციის პროცესის ტალღები სამეცნიერო ლიტერატურაში და მსმენელებს შესთავაზა ამ პროცესის განსხვავებული ხედვა მიკრო- და გეოპოლიტიკურ დონეებზე. მან, ასევე, ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავებულად წარიმართებოდა ევროპეიზაციის პროცესი სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაში: სომხეთსა და საქართველოში და რატომ კეთდებოდა საქართველოს შემთხვევაში განსაკუთრებული აქცენტი დემოკრატიზაციაზე.

ბატონმა აფრასიძემ მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ფაქტორების ევროპეიზაციის პოლიტიკის წარმატება/წარუმატებლობაზე გავლენის საკითხს; მიმოიხილა რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და უშუალოდ რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-სომხეთის ბილატერალური ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები.

ლექციის ბოლო ნაწილი დაეთმო დისკუსიას, რომელზეც განხილულ იქნა რუსული პროპაგანდის გაძლიერება საქართველოში და ამ პროცესის მიღმა არსებული ფაქტორები, ევროპის შიდა პოლიტიკის გავლენა ევროპეიზაციის მიმართულებასა და ინტენსივობაზე და ბრექსიტის მნიშვნელობა ევროპეიზაციის შესახებ ხედვების შეცვლის პროცესზე.

შეხვედრა შედგა ლექციათა სერიის - „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართცველოში“ - ფარგლებში. 28 ნოემბერს, 19:00 საათზე, ამავე სერიის ფარგლებში, მორიგ საჯარო ლექციას გამართავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძე. ლექციის თემაა: „ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“.

 

ბანერები