


სადიპლომო პროექტების გამოფენა ილიაუნიში
6 ივლისს, ვაკის „თეატრალური სარდაფის” ეზოში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის პირველ კურსდამთავრებულთა სადიპლომო პროექტების გამოფენა გაიმართა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის მიერ წარმოდგენილ იქნა სრულიად ახლებური ფორმით შესრულებული სადიპლომო ნამუშევრები.
უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულებს ცენტრის ადმინისტრაციამ შესთავაზა ინდივიდუალური დარგობრივი სადიპლომო ნამუშევრების ნაცვლად ჯგუფური პროექტების შესრულება, რომელშიც გაერთიანდებიან სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები. პროექტების კონცეფცია (თემა) დიპლომატთა ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად შეირჩა და შეთანხმდა ცენტრის ხელმძღვანელებთან.
ეს პროექტებია:
1. ”მუდმივი მოძრაობა”
2. ”შავ-თეთრი ლაქები სივრცეში”
3. ”ავანგარდი თანამედროვე ხელოვნებაში”
თითოეულ პროექტში გაერთიანდნენ ოთხი სხვადასხვა სასწავლო პროგრამის სტუდენტები.
ეს პროგრამებია:
• მონუმენტური მოხატვა, კერამიკა და ვიტრაჟი;
• კომპიუტერული დიზაინი და გრაფიკა;
• საიუველირო ხელოვნება (ოქრომჭედლობა და მინანქარი);
• ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ქსოვილის დიზაინი.
გამოფენაზე კურსდამთავრებულებმა წარმოადგინეს რამდენიმე ათეული ნამუშევარი. კერძოდ, კერამიკული, დაზგური გრაფიკა, ვიტრაჟი, კომპიუტერულ დიზაინში შესრულებული ნამუშევრები, საიუველირო ხელოვნების ნიმუშები, ოქრომჭედლობა, მინანქარი, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ქსოვილის დიზაინის ნიმუშები. სულ სადიპლომო პროექტები 30–მა სტუდენტმა წარმოადგინა.
ნამუშევრები შეფასდა 51-დან 100 ქულამდე. უმაღლესი, 100 ქულა, 30-იდან 10–მა კურსდამთავრებულმა მიიღო. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ცაგარელმა აღნიშნა, პროექტში მონაწილეობა მიიღეს ილიას უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუდენტებმაც, მათ არსებული პროექტის კონცეფციის საფუძველზე, თითოეული პროექტისათვის კომპოზიცია შექმნეს.
პროექტში გაერთიანებულ ყველა სტუდენტს დანიშნული ჰყავდა ინდივიდუალური ხელმძღვანელი და ისინი კოორდინირებულად მუშაობდნენ ერთობლივი პროექტის განსახორციელებლად. თამარ ცაგარელის თქმით, ასეთი მუშაობის შედეგად მიიღეს მაშტაბური, ერთი კონცეფციით გაერთიანებული, სხვადასხვა მასალაში შესრულებული, საინტერესო სადიპლომო პროექტები, რაც სრულიად ახალი სიტყვაა საქართველოს სახელოვნებო სივრცეში.