


სადაზღვევო კომპანიების რეიტინგული კვლევის პრეზენტაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ „სადაზღვევო კომპანიების რეიტინგული კვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ხორციელდება ბიზნესის ფაკულტეტის „ჯანდაცვის პოლიტიკის და მენეჯმენტის“ და „სადაზღვევო საქმის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფარგლებში.
პროექტის პრეზენტაციას უძღვებოდა ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების „ჯანდაცვის პოლიტიკის და მენეჯმენტის“ და „სადაზღვევო საქმის“ ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ ვერულავა. მან ამ კვლევის მიზნად დაასახელა სადაზღვევო კომპანიების რეიტინგული შეფასების ინსტრუმენტის შექმნა.
ბატონი თენგიზის თქმით, საქართველოს ჯანმრთელობის სადაზღვევო ბაზარზე ათეულზე მეტი კომპანია უწევს ერთმანეთს კონკურენციას, რაც დადებითი მოვლენაა დაზღვეულთა ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, თუმცა კონკურენცია და არჩევანის შესაძლებლობა არ ნიშნავს მომხმარებლისათვის სასურველი შედეგის მიღწევის უზრუნველყოფას, რადგან რიგ შემთხვევებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო კონკურენცია ფასის მიხედვით გადაწონის ხარისხის მიხედვით კონკურენციას.
პრეზენტაციაზე ბატონმა თენგიზმა წარადგინა სადოქტორო პროგრამის "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" დოქტორანტი ნინო მუსერიძე, რომელიც აღნიშნულ კვლევას პირადად უხელმძღვანელებს. მან ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაც მომხმარებელს სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობისას შეიძლება შეხვდეს და ამ პრობლემების აღმოფხვრის ხერხებზე. მისი თქმით, მომხმარებელს უჭირს სადაზღვევო ბაზარზე ორიენტირება, მისთვის რთულია სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ მოწოდებულ სადაზღვევო პაკეტებს შორის ამოარჩიოს ის გეგმა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება მის საჭიროებებს. ამასთან ერთად, არ ხდება ინფორმაციული უკუკავშირი - სადაზღვევო კომპანიები ვერ იღებენ ინფორმაციას მათ მიერ მიწოდებული პროდუქტის შესახებ, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის მომავალში კიდევ უფრო ეფექტური სადაზღვევო გეგმების შექმნას.
მომხმარებლის ინტერესების დაცვის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს სადაზღვევო ორგანიზაციების რეიტინგული კვლევების დანერგვა. რეიტინგული კვლევა გულისხმობს კომპანიების შეფასებას წინასწარ დადგენილი ინდიკატორების საშუალებით. მსგავსი კვლევები ხელს შეუწყობს როგორც მომხმარებლისთვის არჩევანის გაადვილებას, ასევე კომპანიებს შორის კონკურენციის გაზრდას და მიწოდებული პროდუქტის ხარისხის ამაღლებას.
კვლევაში ჩართულები იქნებიან "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტის” მაგისტრები, რომლებიც პირადად გამოკითხავენ სადაზღვევო კომპანიებს, ბენეფიციარებს და ოჯახის ექიმებს.