


საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის პრეზენტაცია
1 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის პრეზენტაცია და ღია კარის დღე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ბუნებისმეტყველების, ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის პედაგოგებისთვის.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა ის ძირითადი პრიორიტეტები, რასაც ეფუძნება ეს ხუთი მოდული. პრეზენტაციას უძღვებოდა მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების პროგრამების ხელმძღვანელი მარიკა კაპანაძე. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პრეზენტაციას ესწრებოდა უფრო მეტი პედაგოგი საქართველოს რეგიონებიდან, რაც ამართლებდა პროექტის მიზანს - საქართველოს რეგიონების ჩართულობისა და დაინტერესების ზრდას.
პრეზენტაციის პირველ ნაწილში ქალბატონმა მარიკამ წარმოადგინა მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების პროგრამები, ხოლო მეორე ნაწილი კი დაეთმო უშუალოდ ლაბორატორიაში პრაქტიკულ სამუშაოებს. ნაჩვენები იქნა რამდენიმე ექსპერიმენტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამივე საგნის მიმართულებით. მან ასევე მოკლედ ისაუბრა იმ პროექტის შესახებ, რომლის ბაზაზეც შეიქმნა აღნიშნული ლაბორატორია. მისი თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო იყო TEMPUS - ის პროექტ SALiS-ის კოორდინატორი, პროექტში გაერთიანებულ 10 უნივერსიტეტს შორის. პროექტი განხორციელდა ევროპელი (ირლანდია, გერმანია,ბულგარეთი) და სხვა პარტნიორი ქვეყნების (საქართველო, მოლდოვა, ისრაელი) უნივერსიტეტების თანამშრომლობის საფუძველზე.
პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში შეიქმნა თანამედროვე ხელსაწყოებით აღჭურვილი SALiS ლაბორატორია, რომელშიც ტარდება სალექციო კურსები უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალობის სტუდენტებისთვის. ლაბორატორია მუშაობს მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების მიმართულებითაც.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების მიერ მომზადდა და აკრედიტაცია გაიარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგმა მოდულებმა:
- აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში მე-7 კლასი, ინტეგრირებული კურსი (2 კრედიტი)
- აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში, დაწყებითი საფეხური (2 კრედიტი)
- აქტიური სწავლება ფიზიკაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე (2კრედიტი)
- აქტიური სწავლება ქიმიაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე (2კრედიტი)
- აქტიური სწავლება ბიოლოგიაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე (2კრედიტი)