


რონალდ ასმუსის წიგნის პრეზენტაცია
”მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა” - რონალდ ასმუსის გახმაურებული წიგნის ქართული თარგმანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოსცა. პრეზენტაცია შაბათს, 7 აგვისტოს, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართა.
წიგნს დიდი გამოხმაურება ჰქონდა მსოფლიო მასშტაბით. ქართული თარგმანის პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის წევრები, პოლიტიკოსები და ექსპერტები დაესწრნენ. წიგნი წარადგინა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ბ-ნმა გიორგი ბარამიძემ. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის - თემურ იაკობაშვილის განცხადებით, ”ეს არის წიგნი, რომელმაც რეალურად დაანახა მსოფლიოს, თუ რასთან გვქონდა საქმე 2008 წლის აგვისტოში”.
ამერიკელი ექსპერტის - რონ ასმუსის ნაშრომი რეალურ ფაქტებსა და მოვლენებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ იყო მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რუსეთის ბრძოლა, ეს იყო ბრძოლა დასავლეთის, საერთაშორისო პოლიტიკის წინააღმდეგ.წიგნის ავტორი, რონალდ ასმუსი ტრანსატლანტიკური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია ბრიუსელში. იგი ავტორია წიგნისა ”ნატოს კარის გაღება”; არის ამერიკული და ევროპული საინფორმაციო მედიის კომენტატორი. წიგნის წინათქმა ეკუთვნის სტროუბ ტელბოტს, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე და ბრუკინგის ინსტიტუტის პრეზიდენტია.
წიგნი თარგმნა გია ჭუმბურიძემ. ქართული თარგმანის სამეცნიერო რედაქტორია დავით დარჩიაშვილი.
რონალდ ასმუსის წიგნის ”მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა” შეძენა შესაძლებელია როგორც ”ლიგამუსში”, ასევე სხვა წიგნის მაღაზიებშიც.