ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

რომელია ყველაზე იაფი სუპერმარკეტი თბილისში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „ილიაუნი ბიზნეს რევიუმ“ წარადგინა თბილისის სუპერმარკეტების შესახებ მეორე კვლევის ანალიზი.

კვლევა მიზნად ისახავდა თბილისში მოქმედ სუპერმარკეტებში სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დადგენას და შედარებით ანალიზს. გამოვლინდა ყველაზე დაბალი და მაღალი ფასების მქონე სუპერმარკეტები.

კვლევის ობიექტად შერჩეულ იქნა როგორც ქსელური, ისე სხვა მსხვილი სუპერმარკეტები. მათ შორის: გუდვილი, იოლი გასტრონომია, პოპული, ბიგ-ბენი, ზემელი, იბისი, კონტინენტალი, Express Group. გამოსაკვლევად შეირჩა სამომხმარებლო კალათაში შემავალი 20 დასახელების პროდუქტი. შერჩეული პროდუქტების შეძენა, მეტ-ნაკლები ალბათობით, ყველა სამიზნე სუპერმარკეტში არის შესაძლებელი. პროდუქტების საბაზრო ღირებულება დადგინდა მომხმარებლებისთვის დახლზე შეთავაზებული ფასების შესაბამისად. ფასები მოყვანილია ლარებში და ფიქსირებულია 2012 წლის 20-23 იანვრის მდგომარეობით.

მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე „ილიაუნი ბიზნეს რევიუმ“ ეგრეთ წოდებული „ყველაზე იაფიანი“ და „ყველაზე ძვირიანი“ სუპერმარკეტები გამოავლინა. პირველ ადგილზე ყველაზე იაფი სუპერმარკეტი „გუდვილი“ დაფიქსირდა, მეორე ადგილზე - „Express Group“ და მესამე ადგილზე „პოპული“. ყველაზე ძვირიან სუპერმარკეტად დაფიქსირდა „ზემელი“, მეორე ადგილზე სიძვირით „კონტინენტალი“, მესამეზე - „ბიგ-ბენი“.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუში“ აცხადებენ, რომ შედეგების განზოგადებით ვიღებთ შემდეგ სურათს: „თუ ე.წ. „იაფიან სუპერმარკეტებში“ საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახი, ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ მიერ შერჩეულ პროდუქტებს გარკვეული რაოდენობით შეიძენს, იგივე პროდუქციის იგივე რაოდენობით შესაძენად ე.წ. „ყველაზე ძვირიან“ სუპერმარკეტებში პროდუქციის შეძენა ოჯახს 33,3%-ით უძვირდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ სუპერმარკეტებში ასეთ ოჯახს თვეში საშუალოდ 60 დასახელების პროდუქტის შეძენა უწევს. შესაბამისად, აბსოლუტურ მოცულობაში, ძვირ პროდუქციაში „ძვირიან სუპერმარკეტებში“ ზედმეტად გადახდილი თანხის მოცულობა კიდევ სამმაგდება.“

ბანერები