ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

რიუდიგერ საფრანსკის საჯარო ლექცია ”ბოროტება ანუ თავისუფლების დრამა”

ახალი ამბები

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა რიუდიგერ საფრანსკიმ, ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მოწვევით, 2 ოქტომბერს წაიკითხა საჯარო მოხსენება თემაზე „ბოროტება ანუ თავისუფლების დრამა“. აკადემიურ სივრცესა და ფართო აუდიტორიას თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანელი ფილოსოფოსი და ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი საფრანსკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ წარუდგინა.

პროფესორმა ქართველ აუდიტორიასთან შეხვედრისას ისაუბრა ბოროტებისა და თავისუფლების ცნებებზე. ბოროტების ცნების საწყისი მიკვლეული იყო ბიბლიურ მითებში; წარმოდგენილი იყო ბოროტებისადმი თეოლოგიური, ფილოსოფიური და ესთეტიკური მიდგომის ცენტრალური პოზიციები და ასევე, თუ როგორ მოხდა ბოროტების პირვანდელი კონცეფციის დაბინძურება ბოროტის პერსონიფიცირებით და ეშმაკის რწმენით ადამიანის თავისუფლების მოსპობა. ბოროტების შესახებ საკითხის ფილოსოფიური დასმა პროფესორმა საფრანსკიმ დაუკავშირა ადამიანის ბუნების შესახებ საკითხს. მოხსენებაში პროფესორმა გამოკვეთა მოსაზრება, რომ ბოროტება არის თავისუფლების საფასური, თავისუფლება კი, თავის მხრივ, წარმოადგენს ბოროტების რისკს, მაგრამ არა საფუძველს და, ამგვარად, ბოროტება უნდა გავიგოთ, როგორც ადამიანური თავისუფლების დრამა. პროფესორი შეეხო იმ ისტორიულ ხდომილებასაც რომელიც ბოროტებასთან კონფრონტაციად წარმოგვიდგება ნაციონალ-სოციალისტების მიერ წარმართული განადგურების პოლიტიკის სახით.

პროფესორმა საფრანსკიმ მოხსენების ბოლოს უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს. რიუდიგერ საფრანსკის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ტიტული მიენიჭა.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები