ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

რეგიონალური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 'კოსმოსური ობიექტების გამოსხივება: რადიოდან გამა ასტრონომიამდე'

7-11 ოქტომბერს აბასთუმანში, მთა ყანობილზე, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ჩატარდა პროფესორ მიხეილ ვაშაკიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი რეგიონალური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია " კოსმოსური ობიექტების გამოსხივება: რადიოდან გამა ასტრონომიამდე". კონფერენცია ორგანიზებული იყო ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.

აბასთუმნის ობსერვატორია 1932 წელს გაიხსნა და საქართველოში არსებული ერთადერთი ასტროფიზიკური ობსერვატორიაა. მის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა პროფესორმა მიხეილ ვაშაკიძემ, რომლის სახელიც ამერიკელმა ასტრონომებმა მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს. ეს კი ნობელის პრემიის ლაურეატობის ტოლფასია.

კონფერენციის მუშაობაში ქართველი ასტროფიზიკოსების გარდა მონაწილეობდნენ გერმანელი, თურქი, სომეხი და აზერბაიჯანელი მეცნიერები.

კონფერენციის თემატიკა საკმაოდ ფართო იყო და მოიცავდა როგორც მაღალი ენერგიების ასტროფიზიკას, ასევე, მზისა და დედამიწის კავშირებს.

სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზეზების გამო, ასეთი კონფერენცია წინა საუკუნის შემდეგ არ ჩატარებულა, ამჯერად, მას ძირითადად გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ რეგიონულ თანამშრომლობას ამ სფეროში.

ბანერები