


Red Bull GerGetIt 2013 - ილიაუნის ხელშეწყობით
სტეფანწმინდაში (ყაზბეგი) სპორტის სამინისტროს და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანადგომით წლეულს პირველად გაიმართა მსოფლიოში ყველაზე ექსტრემალური გუნდური შეჯიბრება - Red Bull GerGetIt-ი (საგულისხმოა, რომ Red Bull - ი მთელ მსოფლიოში ექსტრემალური სპორტის განვითარების ხელშემწყობი პირველი კომპანიაა), რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც იყო. ეს ასპარეზობა მსგავსი საერთაშორისო პროექტისგან (Red Bull Dolomitenmann - ავსტრიის ალპებში ყოველწლიურად ეწყობა) იმით განსხვავდებოდა, რომ მის პროგრამას კლდეზე ცოცვა დაემატა. ცამეტი გუნდი
ეჯიბრებოდა ერთმანეთს სპორტის ოთხ სახეობაში. მონაწილეთა შორის უცხოელებიც იყვნენ. მდინარე თერგზე კაიაკით 6-კილომეტრიანი დაშვება თურქმა უგურ პოლატმა მოიგო. 30 მეტრის სიმაღლის კლდეზე ცოცვაში პირველი იყო გიორგი გაბულდანი. 12 კილომეტრზე სამთო ველოსპორტში ყველას გიორგი მაღრაძემ აჯობა. 7 კილომეტრზე სამთო რბენაში რომანს ევარტსმა (ლატვია) გაიმარჯვა. გუნდურ ჩათვლაში პირველობა არავის დაუთმეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.
შეჯიბრების უსაფრთხო და მაღალ დონეზე ჩატარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი უნივერსიტეტის მაშველთა ჯგუფსაც, რომელმაც ყველაფერი იღონა ყველა პრობლემის დროულად მოსაგვარებლად. Red Bull GerGetIt - ის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს წარმატება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა.