


რაჭა-ლეჩხუმის პრეაქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ახალი ამბები
11 ივნისს ონის მერიაში რაჭა-ლეჩხუმის პრეაქსელერაციის პროგრამის დემო დღე გაიმართა.
პროგრამა განახორციელა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციირებითა და GITA • Tech Park-ისა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში USAID Resilient Communities Program.
პრეაქსელერაციის პროგრამის მონაწილე 15 სტარტაპმა USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა წინაშე წარადგინა საკუთარი იდეა, რომლის ფარგლებშიც მიიღეს უკუკავშირები.
პრეაქსელერაციის პროგრამა ერთი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონისთვის. პროგრამის მონაწილე სტარტაპები ეცნობოდნენ სტარტაპის წარმართვის ყველა საჭირო ეტაპს, ესწრებოდნენ პრაქტიკულ ვორკშოპებსა და ნეთვორქინგის სესიებს, ემზადებოდნენ GITA-ს რეგიონული 25000-ლარიანი საგრანტო პროგრამისთვის.
პროგრამის მონაწილეებმა თეორიული ცოდნის გარდა მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება და საწყისი იდეები დახვეწეს, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მათი პრაქტიკაში განხორციელება.
პროგრამის მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარეს:
- ავთანდილ მღებრიშვილმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა;
- თინი მამუჩაშვილმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეაქსელერატორ Zoomout-ის მენეჯერმა;
- სანდრო კანდელაკმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა მეწარმეობის მიმართულებით, ტერაბანკის ციფრული ტრანსფორმაციის უფროსმა;
- გოგა საათაშვილმა, ბიზნესექსპერტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა მეწარმეობისა და მეწარმეობის პრაქტიკული კურსის მიმართულებით;
- შალვა ოთანაძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორმა მეწარმეობისა და მეწარმეობის პრაქტიკული კურსის მიმართულებით.
პრეაქსელერაციის პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონებში, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში, სტარტაპ და ინოვაციური ეკოსისტემის, ადგილობრივი ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებასა და მათ ჩართულობას ინოვაციური სტარტაპიდეების გენერირებასა და განხორციელებაში.
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- USAID Resilient Communities Program
- GITA • Tech Park
- Tech Park Georgia