


რა ვუშველოთ წაბლის ტყეებს
ახალი ამბები
ეროვნული სატყეო სააგენტო, CENN–თან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ზესტაფონს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი წაბლის დეგრადირებული ტყეების შეფასება და მარაგების დათვლის მეთოდოლოგიის შემუშავება იყო.
წაბლის კორომებში ჯანსაღი ხეები თითქმის აღარაა – ყველა მათგანი რამდენიმე წლის წინ კომერციული მიზნით მოიჭრა. მოჭრილი ხეებიდან მხოლოდ ძირია გამოღებული; წაქცეულ მთლიან ხეებსა და მსხვილ მორებს კომერციული წუნი აღმოაჩნდა; რაც შეეხება გამხმარ და კიბოთი დაავადებულ წაბლებს, მათი მოჭრა და გაქერქვა ლიცენზიის გაცემის მიზანი და ხელშეკრულების მთავარი პირობა იყო, მაგრამ არ შესრულებულა; გარდა ამისა, ერთ დროს უნიკალურ წაბლნარებში ზეზემდგომი ხმელი ხეები და ჩახერგილობა ეკოლოგიური კატასტროფის სურათს ქმნის.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, მერაბ მაჭავარიანის, განცხადებით, შემუშავებულია დაავადებული წაბლნარების მართვის კონცეფცია, რომელიც მოკლე პერიოდში პროექტად ქცევას და განხორციელებას მოითხოვს.
„უპირველესად, საჭიროა ტყეების გაწმენდა როგორც ზეზემდგომი ხმელი ხეებისგან, ასევე ჩახერგილობისგან, რათა მას განახლების საშუალება მიეცეს. მერქანი ჯერ კიდევ შეგვიძლია განვიხილოთ კონდიციურ რესურსად, რომლის გამოყენებაც სამასალედაც შეიძლება, საშეშედაც და ბიოსაწვავადაც. ამისათვის კი საჭიროა, ზუსტად ვიცოდეთ მარაგი და ტყეების გაწმენდის გეგმა მოვარგოთ მისი გამოყენების შესაძლებლობებს“, – აცხადებს მერაბ მაჭავარიანი.
ადგილობრივი მეტყევეების ინფორმაციით, ზესტაფონში წლიდან წლამდე სულ უფრო პრობლემურია შეშაზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება.
„ყოველწლიურად ათიათასობით ხე იბეჭდება მოსაჭრელად. ეს პროგრამა კი მილიონობით ხეს გადაარჩენს“, – აცხადებენ ზესტაფონში.
მარაგების დასათვლელად ეროვნული სატყეო სააგენტო, CENN-თან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე იმსჯელებს. ამ მიზნით, ვიზიტის ფარგლებში, დრონის მეშვეობით უკვე გადაღებულია საცდელი აეროფოტოები. სპეციალისტები მარაგების დათვლაში აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობებს დაადგენენ და შესაბამის ტექნიკურ დავალებასაც მოამზადებენ.