


ქეთევან დარახველიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს
ახალი ამბები
უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გადაწყვეტილებით, 2024 წლის თებერვლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობას ქეთევან დარახველიძე დაიკავებს.
ქეთევან დარახველიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ გუნდს 2011 წლის იანვარში შემოუერთდა. იგი 9 წლის განმავლობაში იკავებდა განვითარების სამსახურის უფროსის პოზიციას, ხოლო 2023 წლის თებერვლიდან დაინიშნა ვიცე-კანცლერად განვითარების და შემოსავლების მიმართულებით. ქეთევან დარახველიძეს განათლება მიღებული აქვს აშშ-ის და ევროპის უნივერსიტეტებში განათლების პოლიტიკის, განათლების კვლევის, განვითარების და ტექნიკური მხარდაჭერის დიზაინის, ასევე საუნივერსიტეტო განათლების მართვის მიმართულებით. იგი ფლობს აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო განათლების (უმაღლესი განათლების კონცენტრაციის) მიმართულებით, აგრეთვე ოსლოს უნივერსიტეტის, ტამპერეს უნივერსიტეტის და ავეიროს უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ხარისხს უმაღლესი განათლების ადმინისტრირების მიმართულებით. ქეთევან დარახველიძე არის მრავალი საერთაშორისო სასტიპენდიო და საგრანტო პროგრამის გამარჯვებული, აქვს მსხვილი საერთაშორისო საუნივერსიტეტო განვითარების პროექტების მართვის 13 წლიანი გამოცდილება. ამ პერიოდში მან უზრუნველყო 300-ზე მეტი საპროექტო დაფინანსების მოპოვება უნივერსიტეტის აკადემიური, კვლევითი და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით.
„განათლების სფერო განსაკუთრებით მაინტერესებს; მე მჯერა, რომ განათლებას შეუძლია შეცვალოს ადამიანისა და საზოგადოების ცხოვრება უკეთესობისკენ. სწორედ ამას ემსახურება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ლიბერალური განათლების ელემენტების დანერგვით, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამებით, საერთაშორისოდ აღიარებული კვლევითი და სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებით ილიას უნივერსიტეტს უდიდესი გავლენა აქვს საქართველოსა და მის ევროპულ მომავალზე.
ამ დინამიკური, ევროპული სტანდარტების უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებაზე მიმართული საქმიანობის თანახელმძღვანელობა ჩემთვის გამორჩეული პატივი და უდიდესი შესაძლებლობაა, რასაც თან ახლავს უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. მადლობელი ვარ ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. უდიდესი ენთუზიაზმით ვიღებ მოცემულ შესაძლებლობას და მოხარული ვარ, ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილებით ვემსახურო უნივერსიტეტს და ხელი შევუწყო მის შემდგომ განვითარებას აკადემიური და ინსტიტუციური მიზნების მისაღწევად“.
2023