ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ქართული თეატრი 2012 წელს

11 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა გამართა პრესკონფერენცია, რომელიც 2012 წლის ქართული თეატრის სტატისტიკური კვლევის შედეგებს მიეძღვნა. პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მკვლევრებმა ლაშა ჩხარტიშვილმა და ელენე ბაბაკიშვილმა, ასევე თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის ხელმძღვანელმა ირინა ღოღობერიძემ და საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის თავმჯდომარემ ნიკა წულუკიძემ.

კვლევა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ცენტრმა წარმოადგინა, ეყრდნობა საქართველოში მოქმედი 30-ზე მეტი თეატრის (სახელმწიფო, დამოუკიდებელი, რეგიონალური) 2012 წლის მონაცემებს.

კვლევა მომზადებულია მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით და ის არ ასახავს სპექტაკლებისა და მსახიობთა მიერ შესრულებული როლების მხატვრულ ხარისხს.

2012 წელს საქართველოში დაიდგა 144 სპექტაკლი. ამათგან - 58 თანამედროვე ქართული პიესა, 48 თანამედროვე უცხოური, 38 კლასიკური (ქართული და უცხოური).

ლიდერები ნომინაციებში

ყველაზე მეტი დადგმა 2012 წელს განახორციელა თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის საბავშვო თეატრმა (17 სპექტაკლი); რეგიონის თეატრებიდან მესხეთის თეატრმა (8 სპექტაკლი), დამოუკიდებელი თეატრებიდან თავისუფალმა თეატრმა (7 სპექტაკლი). 2012 წელს ყველაზე მეტი საერთაშორისო გასტროლი განახორციელა მარჯანიშვილის თეატრმა (5), თავისუფალმა თეატრმა (4), მუსიკისა და დრამის თეატრმა (3). 17 რეგიონალური თეატრიდან საერთაშორისო გასტროლები განახორციელეს მხოლოდ აჭარის თეატრებმა: ბათუმის თოჯინების თეატრმა (3), ბათუმის დრამატულმა თეატრმა (1) და ხულოს სახელმწიფო თეატრმა (1).

შემოქმედებითად ყველაზე აქტიური რეჟისორები 2012 წელს არიან გოჩა კაპანაძე და გიორგი შალუტაშვილი.შემოქმედებითად ყველაზე აქტიური სამხატვრო ხელმძღვანელი რეგიონებში სოსო ნემსაძე (გორის თეატრი, 4 დადგმა), დედაქალაქიდან - ლევან წულაძე (მარჯანიშვილის თეატრი 3 დადგმა). შემოქმედებითად ყველაზე აქტიური ახალგაზრდა რეჟისორი ვანო ხუციშვილი (4 დადგმა).

ქალი მსახიობი, რომელმაც 2012 წელს ყველაზე მეტ ახალ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა: ნინო კიკაჩეიშვილი (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, 8 როლი), მანანა ბერიძე (მესხეთის თეატრი, 7 როლი).

მამაკაცი მსახიობი, რომელმაც 2012 წელს ყველაზე მეტ ახალ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა: ზაზა გოგუაძე (მარჯანიშვილის თეატრი, 7 როლი), ლაშა ბუტულაშვილი (მესხეთის თეატრი, 6 როლი), რაჟდენ კერვალიშვილი და დენ ხლიბოვი (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, 6 როლი).

მსახიობები, რომლებიც ყველაზე მეტ სპექტაკლში იყვნენ მიწვეულნი: ანა წერეთელი და პაატა ინაური, მათ 4-4 როლით მოსდევთ: ნატუნა კახიძე, მაგდა ლებანიძე, იაკო ჭილაია.

მსახიობი, რომელიც ყველაზე მეტ თეატრში არის მიწვეული: აკაკი ხიდაშელი.

ქართველი დრამატურგი, რომლის ყველაზე მეტი პიესა დაიდგა 2012 წელს - ლაშა ბუღაძე.

კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ

შედეგების და მონაცემების რაიმე სახით სარგებლობისას აუცილებელია, მითითებულ იქნას კვლევის ავტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი©.

ბანერები