


ქართულ-რუსული ურთიერთობები ევროპის თვალით
„ევროპისა და ამერიკის პოზიცია საქართველოს ევრო–ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით არის რთული, ევროპა არის რეალურად უძლური, მიიღოს ქმედითი გადაწყვეტილება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე“, – განაცხადა ბელგიის ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორმა ქალბატონმა კატლინ მალფლიტმა საჯარო ლექციაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროფესორი კატლინ მალფლიტი არის ლუვენის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი და ევროპის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ჯგუფის წევრი. თავის პრეზენტაციაში პროფესორმა მალფლიტმა განიხილა საქართველო–რუსეთის ურთიერთობები და პოსტ-საბჭოთა რეალობა ევროპის პოლიტიკის ჭრილში. მისი განცხადებით, „საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა არის ძალზე დაბალი, რადგან ევროპას სჭირდება რუსეთი; ევროპისთვის რუსეთის პოლიტიკური ფასი არის ბევრად მაღალი, ვიდრე საქართველოსი. რეალურად, ევროკავშირი დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებით და არა საქართველოს ინტეგრაციით ევროატლანტიკურ სივრცეში.“
პრეზენტაციის შემდგომ საუბარი დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ქართველი ექსპერტების, პოლიტოლოგებისა და სტუდენტების შეკითხვებზე ევროპელ მკვლევარს ერთი პასუხი ჰქონდა: “ევროკავშირს იდეაშიც არა აქვს გაფართოება“.