ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროფესორი მზაღო დოხტურიშვილი დაჯილდოვდა აკადემიური პალმების უმაღლესი ორდენით

ახალი ამბები

აკადემიური პალმების ორდენი დაარსდა 1808 წელს ნაპოლეონ პირველის მიერ. თავდაპირველად მას ანიჭებდნენ ლიცეუმისა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს. 1886 წლიდან ის გადაეცემა ყველას, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს განათლების საქმეში. 

1955 წლიდან პრეზიდენტ რენე კოტის მიერ გამოცემული დეკრეტით დაწესდა სამი სახის აკადემიური პალმების ორდენი: აკადემიური პალმების ორდენის კავალერი, აკადემიური პალმების ორდენის ოფიცერი და აკადემიური პალმების ორდენის კომანდორი. ეს ორდენი ენიჭებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და ამ ქვეყნებში მოღვაწე ფრანგებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მსოფლიოში ფრანგული ენისა და კულტურის გავრცელებაში.

ორდენებს ანიჭებენ საფრანგეთის განათლების მინისტრის წარდგინებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით გამოცემული დეკრეტის საფუძველზე წელიწადში ორჯერ: 1-ლ იანვარსა და 14 ივლისს.

საქართველოში პირველად 1996 წლის მარტში აკადემიური პალმების კავალერის ორდენი გადაეცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, მზაღო დოხტურიშვილს. ჯილდო გადასცა იმჟამად საქართველოში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის მთავრობის წევრმა, სახელმწიფო მდივანმა ფრანკოფონიის საკითხებში, მარჟი სუდრმა. იმავე წელს მზაღო დოხტურიშვილი გახდა ამ ორდენის მფლობელთა ასოციაციის წევრი. 

2011 წლის მარტში მას გადაეცა მომდევნო საფეხურის, აკადემიური პალმების ოფიცრის ორდენი. 

2019 წლის 30 ოქტომბერს საფრანგეთის ელჩის, მისი აღმატებულება დიეგო კოლას მიერ მიერ გამოგზავნილი წერილიდან შევიტყვეთ, რომ საფრანგეთის ეროვნული განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ბატონ ჟან-მიშელ ბლანკეს გადაწყვეტილებით, პროფესორ მზაღო დოხტურიშვილს მიენიჭა აკადემიური პალმების უმაღლესი, კომანდორის ორდენი.

ორდენის გადაცემის ცერემონია მოგვიანებით საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში გაიმართება.

ბანერები