ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროექტი EMBRACE – ილიაუნის მკვლევრებმა აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონულ სემინარში მიიღეს მონაწილეობა

ახალი ამბები

15 ოქტომბერს ჰორიზონტი ევროპის პროექტის „ცვლილებების მიღება: დაბრკოლებების დაძლევა და დემოკრატიის წინსვლა ევროპის სამეზობლოში“ (EMBRACE) ფარგლებში დისტანციურად გაიმართა აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული სემინარი, რომლის ორგანიზატორი იყო უკრაინის ევროპული კვლევების ასოციაცია (UESA).

მკვლევრები გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ბელგიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან შეიკრიბნენ, რათა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ მიგნებები თავიანთ რეგიონებში ევროკავშირის დემოკრატიზაციის პოლიტიკის წარმატების ხელშემშლელ ფაქტორებსა და დაბრკოლებებზე, გამოიკვლიეს ის პირობები, რომლებმაც შესაძლოა ამ დაბრკოლებათა გადალახვა გააადვილოს და ხაზი გაუსვეს ევროკავშირის დემოკრატიზაციის პოლიტიკის ინიციატივათა ეფექტურობის გასაზრდელად პარტნიორი ქვეყნის უნიკალურ პოლიტიკურ  და სოციალურ კონტექსტზე მისი მორგების მნიშვნელობას.

სემინარის მონაწილე ილიაუნის მკვლევრებმა, პროფესორებმა დავით აფრასიძემ და გიორგი გვალიამ წარადგინეს თავიანთი კვლევის მიგნებები და კოლეგებს გაუზიარეს ხედვა ევროკავშირის სამეზობლოში დემოკრატიის განვითარების საკითხებზე. 

პროექტი ″EMBRACE″, რომლის კოორდინატორია ბერგჰოფის ფონდი (გერმანია), მიზნად ისახავს ევროპის სამეზობლოში დემოკრატიზაციის ხელშემშლელი ფაქტორების გამოვლენასა და ანალიზს და მათი გადალახვის გზების ძიებას. შედარებითი ხასიათის პროექტი შეისწავლის ჰიბრიდულ და ავტორიტარულ რეჟიმებს ევროკავშირის როგორც აღმოსავლეთ, ისე სამხრეთ სამეზობლოში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორების, გიორგი გვალიასა და დავით აფრასიძის შემადგენლობით უძღვება საქართველოსა და სომხეთთან დაკავშირებული ემპირიული შემთხვევების შესწავლას, ასევე მონაწილეობს პროექტის თეორიული ჩარჩოსა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებაში.

2024

 

ბანერები