ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

PPRTC-ის მორიგი კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

ახალი ამბები

2014 წლის 17 ივნისს საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) ორგანიზებით საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პოლიტიკის ანგარიშის ,,მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ცვლილების ანალიზი საქართველოში“ პრეზენტაცია-დისკუსია გაიმართა. კვლევის ავტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ნიკოლოზ მაღლაფერიძე;

აღნიშნული კვლევით განისაზღვრა სიკვდილის რომელი მიზეზით წარმოებს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდა ან კლება საქართველოში. ნაშრომში გამოყენებული დეკომპოზიციის მეთოდებით დადგინდა, რომ საქართველოში უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არა თუ გაიზარდა, არამედ ერთგვარი სტაგნაცია განიცადა; კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდის ყველაზე დიდი რეზერვი ახალწარმონაქმნების (ონკოლოგიური დაავადებების) შემცირებაში მოიპოვება.

კვლევის საფუძველზე შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები სახელმწიფოს მხრიდან სისტემური მიდგომის ეფექტური განხორციელების იმ შესაძლებლობებს შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობის გაზრდას საქართველოში;

აღნიშნული კვლევის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და გადაწყვეტილების მიმღებათვის მსგავსი კვლევების მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით აფრასიძემ, USAID-ის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების ოფისის ხელმძღვანელმა თამარ სირბილაძემ, EWMI-G-PAC პროგრამის მრჩეველმა საჯარო პოლიტიკის დარგში ჯეისონ სვონტეკმა;

პრეზენტაციის დასასრულს კვლევის ავტორსა და ამ საკითხზე მომუშავე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის დისკუსია გაიმართა.

პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ასევე ამ საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი მომავალშიც გეგმავს მსგავსი პრეზენტაცია-დისკუსიების გამართვას საჯარო პოლიტიკის სხვა აქტუალურ საკითხებზე;

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები